შესაძლოა, ბატონო მინისტრო, სხვა გუნდის შემთხვევაში იქნებოდით კარგი მინისტრი, მაგრამ ახლა ბევრი ჩვენგანი ვხედავთ, რომ ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს. საუბედუროდ, სამწუხაროდ, ეს ასეა, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
როგორც ახვლედიანმა ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, საგარეო უწყების წარმომადგენლები არანორმალურ რეჟიმში, ყოველდღიურად, სისტემატურად „დიპლომატიური შტურმით უნდა იღებდნენ“ პარტნიორებს და არწმუნებდნენ მათ, რომ ეს შესაძლებლობა სწორედ აქ და ახლა უნდა გამოიყენოს საქართველომ და არა ისე, როგორც დღეს ვხედავთ.
„უკრაინაში რუსეთის ბარბაროსობამ, ალბათ, რამდენიმე სხვა სახელმწიფოსაც, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოს მისცა სრულიად ახალი, აქამდე გაუგონარი შესაძლებლობები. შესაძლოა, ბატონო მინისტრო, სხვა გუნდის შემთხვევაში იქნებოდით კარგი მინისტრი, მაგრამ ახლა ბევრი ჩვენგანი ვხედავთ, რომ ჩვენ ხელიდან ვუშვებთ ამ შესაძლებლობებს. საუბედუროდ, სამწუხაროდ, ეს ასეა. იმის ნაცვლად, რომ საგარეო უწყების წარმომადგენლები არა ასეთ რეჟიმში, არამედ არანორმალურ რეჟიმში, ყოველდღიურად, სისტემატურად დიპლომატიური შტურმით იღებდნენ ჩვენს პარტნიორებს და არწმუნებდნენ მათ, რომ ეს შესაძლებლობა სწორედ აქ და ახლა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ამაში ჩართული იყოს საპარლამენტო რესპუბლიკაში საპარლამენტო გაერთიანებებიც, მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, ჩვენ სულ სხვაგან ვართ. თქვენ არაერთი ვიზიტი ჩამოთვალეთ, ვიზიტები კარგია, მაგრამ როცა არსებითი აცდენაა ფორმატს და შინაარსს შორის, მაშინ ვართ იქ, სადაც ვართ“, – მიმართა ახვლედიანმა ილია დარჩიაშვილს.