შევხედავთ კანდიდატებს, ვნახავთ, რომელს ვინ წარმოადგენს და ოპოზიციას იმ კანდიდატს შევთავაზებთ, ვის მიმართაც გვაქვს სიმპატია, შეიძლება ეს იყოს რამდენიმე კანდიდატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
დავითულიანის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა უწოდოს ოპოზიციაში ვინმემ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს ფარსი.
“ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ უფლება გაითვალისწინონ ან არ გაითვალისწინონ კანდიდატების შეფასებები, უბრალოდ, რომ დახმარებოდა მათ გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ შეაფასეს ექსპერტებმა, მერე პარლამენტს წარედგინება ის კანდიდატები, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, შემდეგ “ქართულ ოცნებას” მოუწევს მხარდაჭერა და ერთგვარი შეთანხმება ოპოზიციის ნაწილთან,”- განაცხადა დავითულიანმა.
კითხვაზე, როცა ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილთან მოუწევს შეთანხმება, ოპოზიციის რომელ ნაწილს გულისხმობს, ვისთანაც შეთანხმების რესურსს ხედავს, დავითულიანი პასუხობს, რომ ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ იმიტომ ახსენა, რომ “ქართულ ოცნებას” ცალკე და ოპოზიციას მთლიანობაში გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, რადგან ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.
“შევხედავთ კანდიდატებს, ვნახავთ რომელს ვინ წარმოადგენს და ოპოზიციას შევთავაზებთ ჩვენს სიმპატიას თუ ვის მიმართ არსებობს, შეიძლება ეს იყოს რამდენიმე კანდიდატი. მათთან ერთად ვნახავთ კომპრომისს, რომელ კანდიდატზე შევჯერდეთ, რადგან ცალკე არც მათ შეუძლიათ არჩევა და არც ჩვენ,”- განაცხადა დავითულიანმა.