„,თავი ხელში აიყვანე” გეუბნებიან დაბეჯითებით და ვერ ხვდებიან, რომ ისე მძიმეა შენი თავი ამ დროს, ვერაფრით აწევ“ – გიორგი კეკელიძე

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაზე მტანჯველი აკვიატებული შიშები და ფიქრებია.

„მაგრამ ყველაზე საშინელი და მტანჯველი მაინც აკვიატებული ფიქრებია. შიში და ფიქრები. სადაც უნდა გაიქცე, ყველგან მოგდევენ, გეწევიან, ერთმანეთს ამრავლებენ ასეთი ფიქრები და ერთმანეთზე საზარლები არიან. ჭერზე თვალებმიბჯენილს წამით ჩაგეძინება და გესიზმრება რაღაც ჩვეულებრივი, უაღრესად ჩვეულებრივი ამბავი. უკიდურესად ბანალური. ისეთი, როგორიც ადრე იყო ცხოვრება რომელიმე ჩვეულებრივ დღეს და გინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს მონატრებული კადრი. მაგრამ სიზმარი მთავრდება მალე. გულის ხმა გაღვიძებს. გგონია, ჰა და გასკდება. იღებ თავთან გამზადებულ ტრანკვილიზატორს. სვამ. ერთი რას მეყოფა – ეუბნები საკუთარ თავს ხმამაღლა და თითქოს ებოდიშები – ეს ერთიც და მეტი აღარ. მაგრამ მერე მეორე. მესამე. ხან მეოთხეც. მოდის ბურუსი. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ბურუსში განა ფიქრი იბინდება, კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს. კიდევ უფრო ცხადია ყველა სიუჟეტი, აჩემებულ ობსეისებს რომ ახლავს. სვამ მეხუთეს. მეექვსეს. და თენდება. დილები ცალკე ჯოჯოხეთია. თითქოს გულთან რაღაც გაწვება. რაღაც უცნაური და უსახელო. დგები. სამსახურში უნდა წახვიდე. სამყარო ცალკეა და შენ ცალკე. მაინც დგები და მიდიხარ. ამ შენი ფიქრებით და განგაშით. იცი, რომ შეგხვდებიან ადამიანები და გეტყვიან – ივარჯიშე და გამხიარულდი, რომ დეპრესია და შფოთვები ზარმაცების ფუფუნება და სხვანი. ,,თავი ხელში აიყვანე” გეუბნებიან დაბეჯითებით და ვერ ხვდებიან, რომ ისე მძიმეა შენი თავი ამ დროს, ვერაფრით აწევ, რომც მოინდომო. ასეთი იყო ის დღეები. ის ომი. ომი, რომელშიც გავიმარჯვე. ამ გამარჯვების მოგიყვებით“, წერს გიორგი კეკელიძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share