კოტეჯი დაშბაშის კანიონის შუშის ხიდსაც ზემოდან დაჰყურებს. გარდა კანიონის ხედისა, ირგვლივ ბევრი რამ იქცევს ყურადღებას — თითქმის ეზოს მიჯნაზევეა X საუკუნეში აშენებული მცირე ზომის ეკლესია. ეზოდან ერთ-ერთი ბილიკი ჩანჩქერთან ჩადის და ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ ეზო სახლითა და კოტეჯით, სრულ ჰარმონიაშია დაშბაშის ღირსშესანიშნაობებთან.
სახლის წინ ბილიკი გადის, რომელიც ახალ ინფრასტრუქტურამდე, ხეობაში ჩასასვლელი ძირითადი გზა იყო. ამიტომ, ტურისტებთან ურთიერთობა მუდმივად უწევდათ. მათთან ყოველი კომუნიკაცია კი ოჯახს პირდაპირ მიანიშნებდა, რა სჭირდებოდათ ხეობის სტუმრებს.
“გვეკითხებოდნენ, ხომ არ იცით, სად შეიძლება, ვჭამოთ ან გავჩერდეთო. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, გადაგვედგა პირველი ნაბიჯები.
2018 წელს პატარა მაღაზიით დავიწყეთ. ეს განსაკუთრებულად რთული პერიოდი იყო ჩემთვის, რადგან მაღაზიაშიც ვმუშაობდი და, პარალელურად, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი.
წამოწყებამ გაამართლა. შემდეგ კაფე გავხსენით და ვხვდებოდით, რომ სასტუმროც უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა არა ტიპური სასტუმრო, არამედ, განსხვავებული, ისეთი, ავთენტური რომ იქნებოდა ბუნებასთან და ამ ადგილთან. მივხვდით, ეს უნდა ყოფილიყო ხის კოტეჯი პანორამული ხედით“, – ამბობს ერნა.
პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდ მიზნამდე
ოჯახი ერნას იდეებს ყოველთვის მხარს უჭერდა, ჩანაფიქრიდან — რეალიზებამდე. ასეა დღესაც — სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, ერნასთან ერთად, ოჯახის ყველა წევრია ჩართული.
„ჩემს ყველა იდეაზე ამბობდნენ — კარგი, მოდი, ვცადოთ, ეს კი მოტივაციას მიასმაგებდა. განსაკუთრებით, დედის მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან სწორ და გამოსადეგ რჩევებს მაძლევდა“, – აღნიშნავს ერნა.
იდეების რეალიზებამდე, როგორც თვითონ ამბობს, „პატარ-პატარა ნაბიჯებმა“ მიიყვანა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო მეტი ინფორმაციის მოძიება საგრანტო პროექტზე „ეს წალკაა“, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა.
თავდაპირველად ამ პროექტის შესახებ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან (LAG) შეიტყო, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.
„მახსოვს, LAG-ის წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას. ჩემი იდეით სწორედ მათ მივმართე და ძალიან დიდი მხარდაჭერაც მივიღე — დამაკვალიანეს, რა იყო მნიშვნელოვანი პროექტის წერისას, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი.
დიდი გამოწვევა იყო. არც ცოდნა მქონდა, არც — გამოცდილება. LAG-ის დახმარების პარალელურად, პროექტის წერისას უამრავ ინფორმაციას ვიძიებდი ინტერნეტიდანაც. ზოგჯერ ინტუიციას მივყვებოდი. სირთულეების გადალახვაში ჩემი ოპტიმისტური ხასიათიც მეხმარებოდა. ამის მიუხედავად, იყო მომენტები, როდესაც შემშინებია, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ – არა! ასეთ პერიოდებს თვითრწმენა და ბევრი შრომა უნდა დაუპირისპირო“, – ამბობს ერნა.
გამოწვევების მიუხედავად, მიზნის მიღწევა მაინც შეძლო. მან საკუთარი იდეა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში — ეს წალკაა“ საგრანტო კონკურსში წარადგინა და 30 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.
ევროკავშირის ეს პროექტი სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. მისი მიზანია, წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებისთვის შემოსავლის მრავალფეროვანი წყაროები შექმნას და მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივ და ბიზნეს ინიციატივებს. ამ პროექტის ფარგლებში არაერთი გრანტი გაიცა და პეპანიანების ოჯახიც მათ შორისაა.
„დაშბაშის პანორამა“
კოტეჯის მართვისას ოჯახის წევრებს როლები გადანაწილებული აქვთ. ერნა, მეტწილად, სტუმრებთან კომუნიკაციასა და სასტუმროს პოპულარიზებაზე ზრუნავს.
„ვმართავ გვერდებს Booking-ზე, Airbnb-სა და Facebook-ზე. ეს პლატფორმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუმრების მოსაზიდად, არამედ უკუკავშირის მისაღებადაც. უკუკავშირი პოზიტიურია. განსაკუთრებულად კი ის გვახარებს, როდესაც წერენ, ხედის გამო მოვედით, მაგრამ მასპინძლობის კულტურამ მოლოდინს გადააჭარბაო.
ხისგან აშენებული კოტეჯი მაქსიმუმ, ოთხ ადამიანზეა გათვლილი. კოტეჯი თანამედროვე და მყუდროა. ავეჯის განლაგებასა და დიზაინზეც თავად ერნამ იზრუნა. „დაშბაშის პანორამას“ სტუმრებს შორის ბევრი უცხოელია, მათ შორის, ევროპის ქვეყნებიდანაც. ხელმისაწვდომი ფასისა და ხედის გამო, კოტეჯი ადგილობრივებშიც პოპულარულია.
სამომავლო მიზნები
მართალია, საქმიანობის ამ ეტაპზე ბევრი თანამშრომელი არ სჭირდებათ, მაგრამ კოტეჯსა და სამზარეულოში ორი ადამიანის დასაქმება მაინც შეძლეს. მომავალში კი მეტსაც დაასაქმებენ, რადგან ოჯახს ბიზნესგანვითარების გეგმა აქვს.
„მომავალს დიდი იმედებით ვუყურებთ. გვინდა, გავაძლიეროთ სარესტორნო საქმიანობა და რამდენიმე კოტეჯიც შევმატოთ ამ ადგილს“, – აღნიშნავს ერნა.
ერნა პეპანიანი პროფესიით იურისტია. უნივერსიტეტი თბილისში უკვე დაასრულა. პროფესიულ განვითარებას გეგმავს, მაგრამ მთავარ მიზნად ჯერ მაინც სასტუმროს ბიზნესის განვითარება აქვს დასახული.
„მინდა, მივეხმარო ოჯახს და შევქმნა რაღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც დავუტოვებ მათ და შეძლებენ, მართონ“, — გვეუბნება ერნა. სწავლის გაგრძელება გერმანიაში უნდა და ახალი კოტეჯების აშენების შემდეგ, ეს მისი მომდევნო მიზანი იქნება.
იმ ახალგაზრდა ქალებს კი, რომლებიც ახლა ფიქრობენ საკუთარ საქმიანობაზე და არ იციან, როგორ დაიწყონ, ამ რჩევებს უტოვებს:
„შეცდომებიც დავუშვი და ამის გამო ბევრჯერ მისაყვედურია კიდეც საკუთარი თავისთვის, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამან გამოცდილება მომცა, ეს უნდა გამევლო.
ასეთი გამოთქმაც არსებობს: იმისთვის, რომ რაღაც კარგად გამოგივიდეს, ჯერ ცუდად უნდა გააკეთოო. რამეს ცუდად რომ აკეთებ, ესეც გაკეთებაა, საერთოდ არაფრის კეთებას სჯობს. ასე რომ, არ შეგაშინოთ შეცდომებმა. გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების. უნდა დაისახოთ რეალისტური მიზნები, გადადგათ პატარ-პატარა ნაბიჯები და დიდი შრომით ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.
ისიც გახსოვდეთ: როგორც არ უნდა გეხმარებოდნენ, თუ გინდა რამეს მიაღწიო, პირველ რიგში, შენ თავად უნდა იშრომო ძალიან ბევრი“.
ავტორი: გიორგი გიორგაშვილი
სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.