გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, საქართველოში მოქმედებს პროგრამა, რომლის მიხედვითაც ბინადრობის ნებართვა უძრავი ქონების ინვესტიციისთვის გაიცემა. უძრავი ქონების სააგენტო Tranio-ს კომერციულმა დირექტორმა, ელენა მილიშენკოვამ Forbes-ს განუცხადა, რომ საქართველოში ბინადრობის უფლების მისღებად, მინიმუმ, 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა არის საჭირო. მისი ცნობით, „საქართველოს ბინადრობის ნებართვის პროგრამაში საინვესტიციო ობიექტი შეიძლება იყოს როგორც საცხოვრებელი, ასევე, კომერციული უძრავი ქონება.“
მილიშენკოვა განმარტავს, რომ „ქვეყანაში 10-წლიანი მუდმივი ცხოვრებისა და უძრავი ქონების ფლობის შემდეგ უვადო ბინადრობის ნებართვის გაფორმება არის შესაძლებელი.“ მისი თქმით, 300 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებაში ინვესტიციის სანაცვლოდ დაუყოვნებლივ ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მუდმივი ბინადრობის სტატუსის მოთხოვნა არის შესაძლებელი. ამისთვის ინვესტორმა უნდა შეინარჩუნოს 300 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება ხუთი წლის განმავლობაში, ხოლო უვადო რეზიდენტობა, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეობის მიღების საშუალებასაც იძლევა.
„ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის აღების გარეშე საქართველოში დარჩენა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ და ხელისუფლება ჯერ არ აპირებს სავიზო მოთხოვნების გამკაცრებას,“ – ამბობს Intermark Real Estate-ის (ყოფილი Savills-ის) პარტნიორი, ირინა მოშევა.
რუსულმა Forbes-მა საქართველოში ბინების საშუალო ღირებულების შესახებ კომპანია Tranio-ს მონაცემები მოიპოვა. 1-ელ ნოემბრის მდგომარეობით, კვ.მეტრის ფასი 1 350 ევროს აღწევდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1050 ევრო იყო. მილიშენკოვა განმარტავს, რომ „ევროში ნომინალური ფასების ზრდამ წელს 29% შეადგინა, თუმცა მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში ევროს შესუსტების გათვალისწინებით, ბინების რეალური გაძვირება შესაძლოა, 5-7%-მდე მაჩვენებლით შეფასდეს.“ მისი თქმით, ამჟამად ბინის საშუალო ფასი საქართველოში 126 600 ევროა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ 95 200 ევრო იყო.
Tranio-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში უძრავ ქონებაზე რუსების მოთხოვნა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვის მედიანური ბიუჯეტი 57 000-დან 100 000 ევრომდე გაიზარდა. ელენა მილიშენკოვას შეფასებით, „ამ ბიუჯეტის 75%-იანი წლიური ზრდა განპირობებულია იმ კლიენტების წილის ზრდით, რომლებიც საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის პროგრამაში მონაწილეობისთვის უძრავ ქონებას ყიდულობენ.“