მანუჩარ გურიელის სულის საოხად აგებული ჩეხედანას წმინდა გიორგის ეკლესია

გურიის სამთავროს ხინოს ეპარქია მოიცავდა ქვემო გურიას – მდინარეების ჩოლოქისა და ჭოროხს შორის არსებული ტერიტორიას. ეპარქიის ერთერთი მნიშვნელოვანი სასულიერო ცენტრი გახლდათ ჩეხედანას (ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვის თემი) წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მამია II გურიელს 1609-1612 წლებში თავის გარდაცვლილი შვილის მანუჩარის სულის საოხად აუგია, გადმოცემის მიხედვით მანუჩარი ამ ადგილზე ნადირობისას დაღუპულა. მამიას ეკლესიისათვის შეუწირავს: ოქროსა და ვერცხლი ჯვრები, მოჭედილი ხატები, ოქროს ომფორი, საეკლესიო წიგნები, ძვირფასი ბისონი, იარაღი და ა.შ..
.
ჩეხედანას ეკლესია ბაილეთის და მამათის ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის შეუწირავთ. 1658 წელს საქართველოს ეწვია იერუსალიმის პატრიარქი პაისი, რომელსაც თან ახლდა დიაკონი დოსიფეოსი, რომელიც შემდეგში იერუსალიმის პარტიარქი გახდა. პატრიარქი გურიელს ეწვია ჩეხედანასთან ახლოს მდებარე ალამბარის რეზიდენციაში, პარტიარქის საქართველოში და მათ შორის გურიაში მოგზაურობა აღწერილი აქვს დოსიფეოსს.
.
ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით ჩეხედანაში გურიელებს სასახლეც ჰქონიათ, გურიის საბუთების მიხედვით კი ჩეხედანაში სულ ორმოცი კომლი სახლობდა. მამია გურიელის 1762 წლის წყალობის წიგნით ირკვევა ჩეხედანას მცხოვრებთა გვარები ხომერიკები, ბოლქვაძეები და ჯაშები: – ,,ნებითა ღმერთისათა ეს წყალობის წიგნი დაგიწერე და გიბოძე ჩვენ ხელმწიფემან ბატონმან გურიელმან მამიამ თქვენ ქრისტეს საფლავის ყმანებს საჯვარისმამო კაცებს ჩეხედნელებს: ხომერიკებს და ბოლქვაძეებს და ჯაშებს” (გ. ბოჭორიძე „გურიის საბუთები 1572-1815“).
.
როგორც ჩეხედანას შემდგომი ისტორიიდან ჩანს მიუხედავად ქვემო გურიაში თურქების გაბატონებისა და ქვემო გურიის მოსახლეობის გამაჰმადიანებისა ჩეხედანას მოსახლეობას ქრისტიანობა შეუნარჩუნებია, რაც დასტურდება აჭარის სახელმწიფო არქივში დაცული ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის 1879 წლის იანვარში გაცემული დოკუმენტით (აარსს, ფ. ი-8, აღწ. 1, საქმე 1, ფურც. 25-30). კერძოდ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის მიერ სახელმწიფო საზღვრებსა და მიწასთან დაკავშირებით გაცემულ საბუთში საუბარია რუსეთ თურქეთის ყოფილ საზღვარზე არსებული სოფლების: ჩეხედანას, ნაცხავათევის და ქაქუთის მდებარეობისა და მოსახლეობის შესახებ. დოკუმენტით დასტურდება, რომ ნაცხავათევის მოსახლეობა მიუხედავად იმისა, რომ შედიოდა გურიის სამთავროში მაჰმადიანი გახლდათ, ხოლო სამთავროს გარეთ დარჩენილი ჩეხედანას მოსახლეობა ქრისტიანი იყო.
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „t“
მოამზადა კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share