„ძიმითის წმიდა გიორგის ხატის კუბოს ამშვენებს წარწერა, საიდანაც მოგვესმის მთიულური სადიდებლის სიტყვები: «ქ. ეჰა, შენ დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთ ტყვეთა მხსნელო, სასწაულთ მოქმედო ახოვანო და წმიდაო მოწამეო გიორგი…»“
.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე ზ. კიკნაძე აღნიშნავს, რომ კავშირი უნდა იყოს ძიმითის წმინდა გიორგის ეკლესიასა და ლომისის წმინდა გიორგის საყმოს შორის – „სახელგანთქმულმა ლომისის წმიდა გიორგის ხატმა, რომლის ღვაწლი ამგვარად იხსენიება სადიდებლებში: «გაუმარჯოს ლომისას, ხორასანთ ტყვეთა დამხსნელსა» (56, 35). ლომისის წმიდა გიორგის ტყვეობისა და მისი თავდახსნის ამბავი მრავალ ვარიანტად არის ჩაწერილი და დაბეჭდილი (50, 168-9; №№527- 8; 40, 114). თუმცა ხორასანს ტყვეთა მხსნელობა არ დარჩა მხოლოდ ლომისის წმიდა გიორგის პრივილეგიად;
.
უნდა ვიფიქროთ, რომ ლომისის წმიდა გიორგის ხორასნულ ღვაწლს ჰქონდა ტენდენცია შესულიყო მთავარმოწამის «საერთოქართულ» ცხოვრებაში, როგორც ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. რა უშუალო კავშირი უნდა არსებულიყო წარსულში ლომისის წმიდა გიორგის საყმოსა და ძიმითის (გურია) წმიდა გიორგის ეკლესიას შორის, რომ გვევარაუდა ამ მითოლოგემის გადასვლა მთიულეთიდან გურიაში.”
.
ზურაბ კინაძეს (ქართული მითოლოგია – ჯვარი და საყმო 1996)
ფოტო – ლომისი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა