„გერმანიის როლი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის მშენებლობაში არის ძალიან დიდი. გერმანია ისტორიულად და დღესაც მხარს უჭერდა და მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც ბერლინში, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
ანრი ოხანაშვილმა გერმანია-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაბრა.
” ჩვენ მნიშვნელოვანი ვიზიტი გვექნება ბუნდესთაგის დეპუტატებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა გერმანიაში, შეხვდა კანცლერს და ბატონმა შოლცმა ბრიფინგზე გამოგვიცხადა ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს არის დიდი მოტივაციის მომცემი! ჩვენ ამ დელეგაციის ფარგლებში კიდევ ერთხელ ავუხსნით და გავაცნობთ იმ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს, რომელიც ჩვენმა გუნდმა წარვმართეთ. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები ბუნდესთაგის პრეზიდენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია გათვალისწინებული საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღებთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის წევრები გერმანიის დედაქალაქში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.
ბერლინში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყო.