ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა უცხოელთა მიერ დანახული ჩვენი ქვეყანა და მათი შეფასებანი. იტალიელი ისტორიკოსი, მოგზაური და დიპლომატი ლუიჯი ვილარი, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში იმოგზაურა, წიგნში ,,ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” წერდა: ,,(გურიაში) ყოველ სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სახელმწიფო საფოსტო განყოფილებებიდან ყველაზე დაშორებული სოფლებიც კი ყოველდღიურად ღებულობენ გაზეთებს თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან.” საგულისხმოა, ედუარდ იუონის დაკვირვებაც: ,,(გურიაში) სახალხო განათლება უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე (სხვაგან) რუსეთის დიდ იმპერიაში, რისი გარეგნული გამოხატულება სოფლის სკოლათა მშვენიერი შენობებიც გახლავთ.” რუსულ გაზეთს ,,ნოვოსტის” (წერილი ,,ცნობის ფურცელმა” გადმობეჭდა) ,,გურულების განვითარების” ასეთი ფაქტიც მოჰყავს: რკინიგზიდან 25 ვერსით დაშორებულ ჩოხატაურში ფოსტა კვირაში ორჯერ მისდიოდათ. პრესა ყოველდღე რომ ჰქონოდათ, გლეხებმა საკუთარი ხარჯით დაიქირავეს ცხენოსანი, რომელიც ყოველ დღე გაზეთებით ამარაგებდა ჩოხატაურლებს. ამის შემდეგ ხალხი იკრიბებოდა, გაზეთებს ხმამაღლა კითხულობდა და მსჯელობდა. ,,როგორც ჰხედავთ, – წერს გაზეთი, – გურულები ისეთი ველურები არ არიან, როგორც პეტერბურგში ჰგონიათო.” გაუმარჯოს გურიას! რას უშვებიან ამ მშვენიერ ქვეყანას ეს უპატრონოები!
ავტორი, ირაკლი მახარაძე