„საფეხბურთო ჯოჯოხეთი” კატარში

მართალია, ისევე, როგორც დიდ პოლიტიკაში, დიდ ფეხბურთშიც შედეგი მნიშვნელოვანწილად დაფინანსებაზეა დამოკიდებული და კორუფციამაც მოიკიდა ფეხი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ისეთივე ადვილად პროგნოზირებადი არ არის, როგორც საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები. ამის გამო, მსოფლიოში ყველაზე მასობრივ და პოპულარულ სანახაობაში მონაწილე გრანდების პაექრობას კატარში მილიარდზე მეტი გულშემატკივარი დისტანციურად ადევნებს თვალს, ხოლო ათეულ ათასობით იღბლიანი – ტრიბუნებიდან. 

მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მესვეურებმა, გასაგები მიზეზების გამო, უარი თქვეს საყაიმო ანგარიშით დამთავრებული გადმწყვეტი მატჩების გადათამაშებაზე და, დამატებულ დროში კარის აუღებლობის შემთხვევაში, უძლიერესი გუნდის განსაზღვრა 5-5 რჩეულ „ბომბარდირს” მიანდეს, უკმაყოფილება ბევრი გამოითქვა.

საფეხბურთო მატჩების ცნობილი კომენტატორი, ბატონი დიმიტრი ობოლაძეც, პენალტების სერიას „საფეხბურთო ჯოჯოხეთს” და „წმინდა წყლის ლატარიას” უწოდებს, რომელიც „არცერთ ფეხბურთლს არ აწყობს“. ამასთან, მისივე აზრით, „რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს მეკარე, 11-მეტრიანები გამართლებაზეა, ანუ ვისაც გაუმართლებს ის მოიგებს”. ამ დროს არა მარტო დამარცხებულებს სწყდებათ გული, არამედ, სრულიად ლოგიკურად, გარკვეული უკმარისობის გრძნობა გამარჯვებულებსაც რჩებათ. ყველაზე მეტად კი, თავად ფეხბურთი და მისი მრავალრიცხოვანი ქომაგები ზარალდებიან, ვინაიდან მართლაც არაგონივრულია, 11 კაციანი გუნდის წაგებისთვის მთელი პასუხისმგებლობა ერთს დავაკისროთ, თუ ბურთი ძელს მოახვედრა ან სულაც კარს ააცილა…

ცხადია, კარგი იქნებოდა, ფრედ დასრულებულ პრინციპულ მატჩებში გამარჯვებულის გამოსავლენად უფრო სამართლიანი და ჰუმანური პროცედურა შემუშავებულიყო. ალტერნატივაზე არაერთხელ იყო ლაპარაკი. ერთ დროს, თამაშის ბოლოს, კენჭისყრაც კი ტარდებოდა, რაც მაყურებელთა უკმაყოფილებას იწვევდა. თუ არ ვცდები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც ჩაატარა ერთი ექსპერიმენტი და, თასის ფინალში, თერთმეტმეტრიანი დარტყმები გუნდებმა თამაშის წინ შეასრულეს. ამასთან, ინტერნეტით გავრცელებულ უცხოურ ვიდეოში ასახული იყო „ნოვაცია“, როდესაც თითოეული გუნდი ისევ 5 ჯერ ურტყამდა, მაგრამ არა მორიგეობით, არამედ პირველი პენალტის შესრულების შემდეგ, მეტოქე გუნდის წევრები უკვე ორ დარყმას ზედიზედ ასრულებდენ.

ბრაზილია-ხორვატიის შეხვედრამ დამარწმუნა, რომ პრობლემას აქტუალობა არ დაუკარგავს. ფაქტია, პენალტების სერიაში სლავებს ისევ გაუმართლათ, თუმცა ლათინოამერიკელების უპირატესობა მთელი 2 საათის განმავლობაში იყო აშკარა, ხოლო მათი კარის მიმართულებით, ფაქტობრივად, სულ ერთხელ დარტყმული ბურთი მხოლოდ მას შემდეგ გავიდა, რაც მცველს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა… ვინაიდან ხორვატები პენალტებს, ტრადიციულად, უნაკლოდ ასრულებენ (განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატებზე…) გამორიცხული არ არის, არგენტინასაც პენალტებით მოუგონ (რომელმაც პენალტებითვე სძლია ნიდერლანდებს…) და ფინალშიც საქმე პენალტების სერიამდე მივიდეს… მით უმეტეს, მაროკოსაც აქვს შანსი საფრანგეთს მოუწყოს „საფეხბურთო ჯოჯოხეთი“…

აქედან გამოდინარე, გადავწყვიტე ფეხბურთის ქომაგებს შევახსენო „საპენალტო ლატარიის” ერთი ალტერნატივა, რომელიც გაცილებით სამართლიანადაც მიმაჩნია: კერძოდ, თუ ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდება, 11-მეტრიანი დარტყმების დანიშვნამდე, მოპაექრე მხარეების თანხმობის შემთხვევაში, გუნდები იმავე მოედანზე განახევრებული შემადგენლობით (5-5 მინდვრის მოთამაშით) გააგრძელებდნენ თამაშს. „მინი ფეხბურთი”, სულ ორი დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი და, ისიც, მხოლოდ პირველ გატანილ „ოქროს გოლამდე” გაგრძელდებოდა. უშედეგოდ დამთავრების შემთხვევაში, თუ მხარეები თანხმობას გამოთქვამდნენ, შეიძლებოდა, კიდევ თითო მოთამაშე გამოკლებოდათ და მომდევნო ერთი ტაიმი 4 მოთამაშით, მხოლოდ 4 წუთს გაგრძელებულიყო, შემდეგი კი 3 მოთამაშით _ 3 წუთი. ბუნებრივია, ასეთი წესის შემოღების შემთხვევაში, პენალტების სერია, მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში დაინიშნებოდა, თუ მეტოქეები, თავიდანვე უარს განაცხადებდნენ, ამ წესით თამაშის გარძელებაზე. ან დამატებით „მინი ტაიმებშიც” (მაქსიმუმ 2-3 დაინიშნებოდა) ვერ შეძლებდნენ თამაშიდან ბურთის გატანას.

ანუ, თუ დამატებულ დროში თამაშის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, გუნდები ექსპერიმენტის ჩატარებაზე დათანხმდებოდნენ, მწვრთნელები მინდორზე საუკეთესოთა ხუთეულს დატოვებდნენ, ხოლო მნიშვნელოვნად გაზრდილი სათამაშო სივრცე ფიზიკურად და/ან ტექნიკურად უფრო ძლიერ გუნდს მეტ საშუალებას მისცემდა გოლი თამაშიდან გაეტანა. ამასთან, სათამაშო დროისთვის ათიოდე წუთის დამატება არც მოთამაშეების და არც მაყურებელთა მდგომარეობას გააუარესებდა არსებითად. სამაგიეროდ, გაშვებული ბურთისთვის პასუხისმგებლობას ფეხბურთელები გადაინაწილებდნენ, ხოლო გულშემატკივარს გაცილებით მეტი შანსი ეძლევა ლამაზი კომბინაციით გატანილი გოლის წყალობით იგრძნოს თავი ღირსეულ გამარჯვებულად.

თუ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სათამაშო დროის დამატება ფეხბურთელების დაუშვებელ გადატვირთვას გამოიწვევს, შეიძლებოდა 15 წუთიანი დამატებითი ტაიმის ხანგრძლივობა 10 წუთამდე შეგვემცირებინა. თუმცა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ხაზს ვუსვამ, რომ „მინი ფეხბურთის” ფორმატში გადასვლა მხოლოდ ნებაყოფლობითი იქნება, ანუ, გუნდებს საშუალება ექნებათ ნებისმიერ ეტაპზე თქვან უარი გამარჯვებულის ახალი წესით გამოვლენაზე და პენალტების ტრადიციულ სერიაზე გადავიდნენ.

ურიგო არ იქნება, ამ წინადადებაზე ექსპერტებთან ერთად, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებსაც ემსჯელათ და რომელიმე დონეზე, თუნდაც საქართველოს თასის ფინალში ან რომელიმე ახალგაზრდულ ტურნირზე პრაქტიკაშიც მოგვესინჯა.

ბუნებრივია, გადამწყვეტ მატჩებში გამარჯვებულის პენალტების სერიით გამოვლენამდე, მეტოქეების „მინი ფეხბურთში” გაჯიბრების იდეას, შესაძლებელია ნეგატიური მხარეებიც გააჩნდეს, მაგრამ პოლემიკაში, იქნებ სხვა, უფრო მისაღები მოდელი გამოიკვეთოს. ერთი რამ უდავოა, „საფეხბურთო ჯოჯოხეთის (ლატარიის)” მეშვეობით გამარჯვებულის გამოვლენა აშკარად უსამართლობის შეგრძნებას ტოვებს და, ურიგო არ იქნება, საერთოდ თუ ვერ ვამბობთ უარს, ჯერჯერობით, მართლაც, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share