საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვები ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლიდან, თბილისში ჩამოვიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, უკრაინის რადას დეპუტატს, უკრაინა-საქართველოს პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ლიუდმილა მარჩენკოს და უკრაინელ ბავშვებს თბილისის აეროპორტში დახვდა.
„ეს არის კიდევ ერთი პროექტი და სოლიდარობის ინიციატივა, როცა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვები ჩამოგვყავს საქართველოში. გვსურს ამით გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა და სანამ მათი სკოლა და სახლები დანგრეულია, საქართველოში, ჩვენს შვილებთან ერთად გაატარონ წინასაახალწლო პერიოდი. მათ ქალაქის დაბომბვის შემდეგ, ეს ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდნენ, მათი მშობლები კი ომში არიან და ქვეყანას იცავენ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოლიდარობა გამოვხატოთ და თავი ვაგრძნობინოთ როგორც საკუთარ სახლში, რომ უსაფრთხო, მშვიდ და პოზიტიურ გარემოში გაატარონ ეს ორი კვირა საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს პროექტის დაფინანსებისთვის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენს საელჩოს უკრაინაში, პროექტის ორგანიზებაში დახმარებისთვის “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ბავშვები საქართველოში მწვრთნელებთან ერთად ჩამოვიდნენ. 10 დღის განმავლობაში საფეხბურთო სკოლა-აკადემიის „დინამოს” ბაზაზე იცხოვრებენ. კულტურულ-შემეცნებითი და სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. შეხვედრა ექნებათ დედაქალაქის მერთან. ესტუმრებიან საქართველოს პარლამენტს და შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას თქმით, „პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო.
„შევეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ მათ გართობას, დასვენებას და სპორტულ აქტივობებს. შერჩეული გვაქვს შესაბამისი სპორტული სკოლა და ბაზა, სადაც ისინი იცხოვრებენ ამ 10 დღის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საინტერესოდ გაატარებენ დღეებს”, – განაცხადა გვილავამ.
უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიუდმილა მარჩენკომ კახა კალაძეს, არჩილ თალაკვაძეს და პროგრამის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ უკრაინელ ბავშვებს სწავლის, გართობის და დასვენების ფართო პროგრამა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.
„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით რეაბილიტაციისთვის მადლობა კაცა კალაძეს და არჩილ თალაკვაძეს, კოლეგას საქართველოს პარლამენტიდან ჩვენი მიღებისთვის. ბავშვებს კარგად გაწერილი გრაფიკი აქვთ, დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, დაათვალიერებენ მუზეუმებს, ისწავლიან, გაჯანსაღდებიან წლის ბოლომდე. ქართველმა ხალხმა დიდი და ლამაზი საჩუქარი გაუკეთა უკრაინელ ბავშვებს”, – განაცხადა ლიუდმილა მარჩენკომ.
უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.