ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კომენტარებს და აქედან გამომდინარე მეჩვენება, რომ მას შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს. მის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მაქვს განცდა, რომ ის საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს, – ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.
„ის საუბრობს ოპოზიციურ პარტიებზე, მმართველ პარტიაზე, აცხადებს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ გამოდის, რომ მას არ შეუძლია რაიმე ძალისხმევის გამოჩენა, არ აქვს არანაირი უფლებამოსილება, კომპეტენცია იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს“, – აღნიშნა ფეიგინმა.