საქართველო რუსული ხორბლის ფქვილის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. თუ აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტ IKAR-ის მონაცემებს დავეყრდნობით, რუსული ხორბლის თითქმის 1/5-ის ექსპორტი სწორედ საქართველოში ხდება. უფრო კონკრეტულად, IKAR-ის სტატისტიკით, 2022 წელს რუსეთიდან რეკორდული მოცულობა, 875 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი გავიდა, მაშინ, როცა გასულ წელს 259 ათასი ტონა ფქვილი იქნა ექსპორტირებული. ამდენად, რუსული ფქვილის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 3,3-ჯერ გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი, 2022 წლის 11 თვეში (სრული წლის მონაცემი მოგვიანებით გამოქვეყნდება) ქვეყანამ რუსეთში 159 023 ტონა ფქვილი იყიდა, რაც რუსული ექსპორტის 18%-ზე მეტია. დეკემბრის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კი დიდია ალბათობა, რომ ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაიზარდოს.
მთლიანად კი, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 60.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 160 834 ტონა ფქვილი შემოვიდა, გასულ წელს კი მხოლოდ 9.1 მლნ აშშ დოლარის 29 294 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ 5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ ხორბლისა და ჭვავის ფქვილი იყიდა:
- რუსეთი – 59.5 მლნ აშშ დოლარის 159 023 ტონა
- თურქეთი – 791.9 ათასი აშშ დოლარის 1 120 ტონა
- იტალია – 131.3 ათასი აშშ დოლარის 126.8 ტონა
- ყაზახეთი – 98.6 ათასი აშშ დოლარის 270 ტონა
- ლიეტუვა – 66.5 ათასი აშშ დოლარის 107.5 ტონა
შეგახსენებთ, რუსული ფქვილის იმპორტის ზრდა ხორბალზე საბაჟო გადასახადის შემოღებამ განაპირობა, რომელიც ფქვილის შემთხვევაში ნულოვანია.