ზაზა შათირიშვილი მივიდა დასკვნამდე, რომ აშშ-ს რამდენიმე ოჯახი მართავს

სამთავრობო პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. მისი განცხადებით, შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შტატებს რამდენიმე ოჯახი მართვას.

გთავაზობთ ზაზა შათირიშვილს წერილს :

„ვინ მართავს ამერიკას? ყველამ იცის, რომ ამერიკას ბაიდენი არ მართავს. ბაიდენს არათუ ამერიკის მართვა არ შეუძლია, ის ცერემონიული ფუნქციების შესრულებასაც ძლივს ახერხებს. აბსურდი იქნება იმის დაჯერებაც, რომ ამერიკას ბლინკენი, ოსტინი ან რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი მართავს. პარტიები ამერიკაში, ტრადიციულად, განსაკუთრებული ძალაუფლებით არასოდეს გამოირჩეოდნენ, თუმცა, ახლა მათი როლი კიდევ უფრო დაკნინებულია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის არჩევა მხოლოდ მე-15 ცდაზე მოახერხეს. ამერიკის მართვის ბერკეტები ვერ ექნებათ ვერც სპეცსამსახურებს, რომლებიც გეგმების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელი, მაგრამ თავად გეგმის შემოქმედნი ვერასოდეს იქნებიან.

ასეთ პირობებში, ჩნდება კითხვა – მაშინ, ვინ მართავს ამერიკას, რომელიც, თავის მხრივ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებს? გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა ოფიციალურად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად არის გამოცხადებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

ამ საკითხის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე და მასალების ანალიზის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს. ოჯახების გვარებს, წარმომავლობას, ქონებრივ მდგომარეობას და სხვა დეტალებს დღეს შეგნებულად არ გავშლი. ეს ოჯახები თავდაპირველად, ათწლეულების მანძილზე, საკუთარ გავლენებს მართალია კულისებიდან, მაგრამ მეტ-ნაკლებად კონსტიტუციის ფარგლებში აფართოებდნენ. ღია წყაროებში ფიქსირდება არაერთი ინფორმაცია, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტების საჯარო განცხადებებიც, იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ და ახერხებდნენ ეს ადამიანები საკვანძო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩარევას.

როგორც ჩანს, ოჯახებს საბოლოოდ ცდუნებამ სძლია და მათ ამერიკის კონსტიტუციისა და სახელმწიფოს სრულად მითვისება განიზრახეს, რაც წარმატებით შეძლეს კიდეც. ბოლო პრეზიდენტი, რომელიც მათ არაფორმალურ გავლენებს წინააღმდეგობას უწევდა, დონალდ ტრამპი იყო. თუმცა, ამ დაპირისპირებაში ტრამპი, საბოლოოდ, პირწმინდად დამარცხდა. ბაიდენის პრეზიდენტობა იმის მაუწყებელია, რომ არაფორმალური მმართველობის აღქმის შექმნა ოჯახებს სრულიად შეგნებულად და მთელი მსოფლიოს დასანახად სურთ. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, ისინი მომავალში საჯარო პოლიტიკაშიც კი ვიხილოთ.

ამერიკის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ოჯახები საჯარო პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით ჩნდებოდნენ და იმის დემონსტრირებას ღიად ახდენდნენ, რომ ბიზნესი მართავს პოლიტიკას, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციასა და ანალიზს საზოგადოებას მოგვიანებით შევთავაზებ. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე, კონკრეტული მიზეზების გამო, რომლის შესახებაც საზოგადოებას ასევე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი, ოჯახებს ჩრდილში გადასვლა და ფონდებსა და კლუბებს უკან ამოფარება მოუხდათ. ამ ფონზე, რთული შესაფასებელია, ტრამპის გაპრეზიდენტება მათი შეცდომის შედეგი იყო თუ შეგნებული გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტობამ და ამ ფონზე, ბაიდენის გაპრეზიდენტებამ ოჯახებს ჩრდილიდან გამოსვლისათვის შესანიშნავი ფონი შეუქმნა. ახლო მომავალში შევეცდები, ჩემი კავშირების გამოყენებით, ინფორმაცია ოჯახების შესახებ საერთაშორისო მედიაშიც გავიტანო, სადაც ოჯახების ვინაობასაც დავასახელებ. სწორედ იქ გამოჩნდება, ოჯახებს კვლავაც ჩრდილში დარჩენა სურთ თუ არაფორმალური მმართველობის ლეგალიზება აქვთ განზრახული“, – წერს შათირიშვილი.

newsreport.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share