“ყოველდღე ვფიქრობ ერთ რამეზე. ყველას გვყავს ჩვენი პატარა – შვილი, შვილიშვილი ან ახლობელი. თითოეული ჩვენგანის, ნებისმიერი ადამიანის ზრუნვის საგანი უნდა იყოს მომავალი თაობა. რას ვუტოვებთ ამ ბავშვებს? პირადად მე როგორ თეატრს ვუტოვებ? როცა მეწინააღმდეგებიან და მეუბნებიან – ძალიან აკლებ შენს თავს მაყურებელსო, ცუდი ხარისხის ჩვენებას, იქნებ, ჯობია, რაც კარგი გაქვთ ნანახი, ის დარჩეს თქვენს მეხსიერებაში? იქნებ, არსებობს ოცნება, ფიქრი: ეროსი რა მაგარი არტისტი იყო! რა დიდი არტისტი იყო გოგი გეგეჭკორი! მსახიობების მთელ პლეადას ვაღმერთებდი. ასეთი თეატრი გადმოვიბარეთ მეც, რუსიკომაც, ზურამაც… თითოეული ჩვენგანი უნდა ვფიქრობდეთ, რას ვუტოვებთ მომავალ თაობას. ყველამ თავისი პროფესიის მომავალზე უნდა იფიქროს. მე სულ ვფიქრობ ჩემს შვილიშვილზე, გიორგიზე – როგორ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება? რისთვის უნდა მოვამზადო ეს პატარა, ერთი ციცქნა ბავშვი? ომი ვასწავლო? თუ ფეხბურთი? თუ ხელოვნება? რა ჩავდო ამ ბავშვში? ხმლის ქნევა? თოფის სროლა? წიგნი? თეატრი? არაფერი აღარ ვიცი. უნდა დამაწყნარონ იმ ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის მართვა ეხება, რომ მე ჩემს ოჯახს მივხედო და ბავშვი ისე გავზარდო, რომ ჩვენს ქვეყანას გამოადგეს”. –/ გოგა პიპინაშვილი /