კალანდა 2023 – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები; კულინარიული მასტერკლასი – შეფ-მზარეული ლადო დანელია; მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა; გამოცხვა გრანდიოზული ღვეზელი; მომზადდა ფელამუში გურული ტრადიციული ნუგბარით; ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა. მსმენელის წინაშე დათუნა სირბილაძე და კვარტეტი “რანინა”, სალომე ბაკურაძე და სოფო ბედია წარსდგნენ.
ღონისძიებას დაესწრნენ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, სხვა მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო ოზურგეთელებო, გილოცავთ კალანდას! მშვიდობა, ბედნიერება და კეთილდღეობა მოეტანოს ახალ წელს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!
ოზურგეთში, სოფელი შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, კალანდა ტრადიციისამებრ ჩვენს სტუმრებთან ერთად აღვნიშნეთ. მადლობა, რომ ჩემი მოწვევა მიიღეთ და მობრძანდით.
მადლობა მერიის თანამშრომლებს ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის! კიდევ ერთხელ გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! მრავალ კალანდას დაესწარით!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
კალანდის აღნიშვნა ოზურგეთში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
reportiori.ge