ბოლშევიზმია, როცა ადამიანს უზღუდავ გადაადგილებისა და აზრის გამოხატვის უფლებას, იფიქროს და დასვას კითხვები – ტუღუში

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკისა და მედიის ექსპერტს, ლაშა ტუღუშს ესაუბრა.

”კარგ შემთხვევასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. თან ეს არ ხდება პირველად ბატონ ლევან ბერძენიშვილთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნის ტერიტორიაზე და ესაუბროს ადამიანებს, გამართოს საჯარო ლექციები, ილაპარაკოს ტაბუირებულ თემებზე, ან ისეთ თემებზე, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არაა მისაღები და მოსაწონი.

მაგრამ, ეს არავის არ უნდა აძლევდეს უფლებას, შეზღუდოს სხვა ადამიანი განახორციელოს სხვა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები.

ზოგადად, ლევან ბერძენიშვილთან მომხდარის მიმართ მიდგომა ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, ვინაიდან სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების მიმართ აქვს ვალდებულებები. ვგულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდა, არა მხოლოდ გადაადგილების უფლება, არამედ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ამ უფლებების აღსრულებაში სახელმწიფო უნდა ერეოდეს. ჩვენ დავინახეთ, რომ ლევან ბერძენიშვილის შემთხვევაში ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, პოლიცია იყო მაყურებლის როლში.

საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდა, არა მხოლოდ გადაადგილების უფლება, არამედ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ამ უფლებების აღსრულებაში სახელმწიფო უნდა ერეოდეს. ჩვენ დავინახეთ, რომ ლევან ბერძენიშვილის შემთხვევაში ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, პოლიცია იყო მაყურებლის როლში

როგორც ჩანს, გარკვეულ წილად ახლაც უკვე შორს ვართ პლურალისტური საზოგადოებისგან. ზოგადად პლურალიზმში რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ამას ვხედავთ.

ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ფუნდამენტურ პრობლემებს უკავშირდება. შეუმცდარი ადამიანები არ არსებობენ, არც ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მართლები არიან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან სწორედ მათ უნდა დაიცვან ქვეყანა შეცდომებისგან და ესაა მათი მხრიდან პატრიოტიზმის გამოვლინება.

ასეთი აღქმა ძალიან საკამათოა, ვინაიდან ნებისმიერ ადამიანი, გენიოსიც რომ იყოს, შესაძლოა ცდებოდეს, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი გადაადგილება დამის მიერ საჯარო სივრცეში აზრის გამოთქმა ამის გამო იზღუდებოდეს.

ნებისმიერ ადამიანი, გენიოსიც რომ იყოს, შესაძლოა ცდებოდეს, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი გადაადგილება და მის მიერ საჯარო სივრცეში აზრის გამოთქმა ამის გამო იზღუდებოდეს

რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავდა მეფეები, რომლებმაც ძალიან დიდი კვალი დატოვეს ქვეყნის ისტორიასა და განვითარებაში, იყვნენ ძალიან დიდი ადამიანები, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ყველასთვის მოსაწონი არაა.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე „ნაციონალებს“ საქმის ბოლშევიკურად კეთებაში ადანაშაულებდა. ის, რაც ჩვენ ბოლოს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით ინციდენტი ვნახეთ, როგორც მინიმუმ, ძალიან ჰგავს ბოლშევიზმს.

რჩება შთაბეჭდილება, თუ ასე გაგრძელდა საჯარო სივრცეში ქცევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულება, ბევრად უარეს სურათს მივიღებთ…

ბოლშევიზმია, როცა ადამიანს უზღუდავ გადაადგილებისა და აზრის გამოხატვის უფლებას, იფიქროს და დასვას კითხვები

ლევან ბერძენიშვილის ისტორია იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს გარკვეული კითხვები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი მიუღებელი უნდა იყოს. აზრის ქონისა და ამ აზრის გამოხატვის უფლება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ასეა მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა დიდი და ისტორიული ადამიანების მიმართ შეიძლება მას ჰქონდეს კითხვები.

მეტსაც გეტყვით. ასეთი კითხვები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რაც არ უნდა გენიალური, ან ისტორიული ფიგურა შეიძლება ის იყოს. ბოლშევიზმია, როცა ადამიანს უზღუდავ გადაადგილებისა და აზრის გამოხატვის უფლებას, იფიქროს და დასვას კითხვები.” – აცხადებს ტუღუში.

ინტერპრესნიუსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share