უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი ერისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დამწუხრებულია.
“დღეს ისე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის აღმოსავლეთში ისეთი მეგობარი გვყავდეს, როგორც საქართველო – არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნები, არა მხოლოდ პოლონელები, ან ჩეხები, ან ბრიტანელები. რადგან ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ხმა ვართ… ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც. მესმის, რომ ეს ეპიზოდია, მესმის, რომ ამას გადავიტანთ და იქნება ისეთი საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ და ხელისუფლებაც იქ ისეთი იქნება, რომ ჩვენ ტაშს დავუკრავთ, მაგრამ დღეისთვის სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ… მე არ შემიძლია ბევრ ასეთ თუნდაც ადამიანურ მომენტზე კომენტარის გაკეთება. მე არ მესმის”, – თქვა იუშჩენკომ.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2007 წელს იმჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იარაღის გადაცემის თხოვნას გამოეხმაურა და საქართველოს გადასცა “ყველა შეიარაღება, რისი გადაცემაც შესაძლებელი იყო მოთხოვნილიდან”.
“არა და კარგად გვესმოდა რა რეაქცია ექნებოდა პუტინს, რუსეთს… თუმცა ყველაზე დიდი ღირებულების… იმ ისტორიული ურთიერთობების ღალატი არ შეიძლება, რომლებიც უკრაინელებსა და ქართველებს შორის არსებობს, ისინი მხოლოდ უნდა ძლიერდებოდეს”, – თქვა იუშჩენკომ.