მეცნიერებმა ანტარქტიდაზე უიშვიათესი მეტეორიტი აღმოაჩინეს, რომელიც მზის სისტემის უძველეს მასალას შეიცავს. 8-კილოიან მეტეორიტს, მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა 11-დღიანი ექსპედიციის მიწურულს მიაგნო. ”
როცა დავინახეთ, როგორ იდგა ის ლურჯ ყინულებს შორის, ყველა ავღელდით“, – ყვება Chicago Tribune- თან ჩიკაგოს საველე მუზეუმის მკვლევარი, მარია ვალდესი.
გასაოცარი ქვა, რომელიც მილიარდობით წლის წინანდელ მასალას შეიცავს, კონტინენტზე აღმოჩენილ მეტეორიტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ანტარქტიდაზე ბოლო ასეული წლის განმავლობაში, სულ 45 000-ზე მეტი მეტეორიტია აღმოჩენილი, მაგრამ მათი უმეტესობა მიკრომეტეორიტია და თითოეული მათგანი მხოლოდ რამდენიმე ასეულ გრამს იწონის.
“ყველა მეტეორიტი გვაწვდის ინფორმაციას დედამიწის ევოლუციის შესახებ“, – ამბობს მარია ვალდესი. მკვლევარი დასძენს:
“შესასწავლად, პატარა ზომის მეტეორიტებიც კი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მასალაა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ასეთი დიდი მეტეორიტის პოვნა იშვიათი და ძალიან ამაღელვებელი მომენტია, ეს ერთგვარი იღბალია“.
გოგრის ზომის მეტეორიტი ქონდრიტისგანაა წარმოქმნილი, რაც მეტეორიტების ყველაზე გავრცელებული მასალის ტიპია. სავარაუდოდ, ის მთავარ ასტეროიდულ სარტყელში წარმოიშვა, მარსსა და იუპიტერს შორის.
მეტეორიტი ქიმიური ანალიზისთვის ახლა ბელგიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამეფო ინსტიტუტში იგზავნება. მისი ტრანსპორტირება სპეციალური ყუთით ხდება, რომელიც მას გრილად შეინახავს, რათა მისი დელიკატური ქიმიური სტრუქტურა სითბოში არ დაზიანდეს.
წყარო: independent