იურიდიული ფირმა MKD Law, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “კრედიტ სუისს”- ის მენეჯმენტის ქმედებებთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნებაზე მათ უარი ევროპულ/ბრიტანულ მედიაშიც მიიღეს.
განცხადებაში წერია, რომ გაოცებას და იმედგაცურებას იწვევს უარი, მიწოდებული ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე.
“მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში”, – წერია განცხადებაში.
კომპანია ამტკიცებს, რომ მანამდე სტატიები შეფერხების გარეშე ქვეყნდებოდა, ხოლო პრობლემა მაშინ შეექმნათ, როცა საუბარი მენეჯმენტის კრიტიკაზე დაიწყო.
“დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:
ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.
შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა”, – წერია განცხადებაში.
კომპანია ამბობს, რომ მათთვის მიუღებელი იყო ინფორმაციის, “გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება”, ამიტომ საერთოდ უარი თქვეს.