ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში წავიდა | ყოფილი დეპუტატი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

ბათუმის საკრებულოს წევრი, ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. კილაბერია გამოცემასთან ყვება, რომ გადაწყვეტილება იძულებითი იყო, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად “განეიტრალებას” სთხოვდა.

კილაბერიამ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა.

“სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის პაატა აციმბა, ლაშა ჩხარტიშვილი და ვანო გაბუნია. პაატა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსია, ლაშაც ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა.

ჩვენ საკრებულოშიც არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, რომ სუს-ი ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, თუმცა მაშინ კონკრეტულ ადამიანებს არ ვასახელებდით.

მე ალბათ ვერც ვერაფერს დამაკლებდნენ, მაგრამ ჩემს მეგობრებზე, მათ ოჯახებზე ზეწოლა დაიწყეს, რომ მე გავნეიტრალებულიყავი და თქვენ იცით ეს რას ნიშნავს”, – თქვა მან “ბათუმელებთან”.

განეიტრალების მაგალითად კილაბერიმ ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მაგალითი მოიყვანა. ფუტჯარაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა. მოგვიანებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანდა, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.

ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზე საუბრობდა.  “ბათუმელებთან” საუბრისას, ლაშა კილაბერიძემ აღნიშნა, რომ დავით რიჟვაძის სახელი მის შემთხვევაშიც ფიგურირებდა.

“სუს-ის წარმომადგენლები არიან და, რა თქმა უნდა, რიჟვაძის მამის დავალებებს ასრულებენ, როგორც ეს იყო ფუტკარაძეზე ზეწოლის შემთხვევაში”, – თქვა კილაბერიამ.

ფოტო: ბათუმელები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share