“გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად” – ამერიკასა და ევროპაში სხვადასხვა ქალაქში 20 თებერვალს დაგეგმილი აქციების შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა ისაუბრა.
ფეიგინის თქმით, მომდევნო დღეებში პროტესტი კიდევ გაფართოვდება.
“კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი აქციის თარიღი. მას შემდეგ, რაც 4 იანვარს ჩავატარეთ აქციები და გვქონდა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება ექნებოდა, თუმცა რეაქცია არ ყოფილა, ამიტომ მე უკვე გამოვაქვეყნე 20 თებერვლის აქციის ლოკაციები და დროები, სადაც შეიკრიბებიან ადამიანები და რა საკვირველია პროტესტი გაფართოვდება”, – თქვა მარკ ფეიგინმა.
პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული რუსი უფლებადამცველი თავის გადაცემაში “ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს”, მათ შორის ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ესაუბრა.
მერაბიშვილის თქმით, 20 თებერვალს დაგეგმილი აქციების ორგანიზებაში “ნაციონალური მოძრაობაც” ჩართულია, რადგან მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ახლა საქმე საქართველოს მომავალსაც ეხება.