კვაჭაძე და კვაჭანტირაძე გურიაში

იოსებ მეგრელიძე წერს – „გურულ გვარებში: კვაჭაძე და კვაჭანტირაძე სიტყვა „ქვა“ სტადიურად შესაძლებელია უფრო გვიანდელი იყოს და უშუალოდ სიტყვა ქვიდან არ მომდინარეობდეს, არამედ შესაძლებელია იყოს იმ სიტყვიდან ნაწარმოები, რომელშიც სიტყვა „ქვა“ უკვე დიფერენცირებული იყო. ასევე მნიშვნელობა აქვს, იმას რომ გურიაში ჩვენ გვხვდება „ქვატანათი“ „კვაჭალათი“ და „ქვიშანათი“, რის გამოც ამ შემთვევაში სიტყვა „ქვა“-ს სრული უგულვებელყოფა შეუძლებელია.“
.
ზემოხსენებულთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციაა ალექსანდრე ღლონტის გამოკვლევებში, რა დროსაც მოხსნიებულია გურიის სოფელი „კვაჭანური“, იგი ასევე უთითებს, რომ ადრე ამ ადგილს „ქვაჭანური“ ერქვაო, ასეთი მსჯელობის საფუძველი ის გახლავთ, რომ ასო/ბგერა „ქ“ ხშირად კარგავს თავის გამოთქმას და გვევლინება ხოლმე ასო/ბგერა „კ“-ს სახით.
.
აკადემიკოსი იაკობ ახუაშვილი ამბობს, რომ „სავარაუდოდ, გვარი კვაჭანტირაძეების წილნაყარი უნდა იყოს: ჭანკვეტაძე (ჭან-ქვა-ტი-ძე), ჭანუყვაძე (ჭანური ქვა ანუ ჭანუ-ქვა-ძე), კვაჭაძე (ქვა-ჭან-ძე) და სხვები“.
.
კვაჭანტირაძეებში არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ისინი ადრე ძირითადად გურიის სოფელ ზომლეთში ცხოვროდნენ და ქვის კეცების ოსტატები ყოფილან. ამიტომ ამავე გადმოცემის მიხედვით გვარი წარმოდგება სიტყვების „ქვა ჭანური“-საგან, რასაც ემატება „ტი“ – ტინიანი ადგილი, „რა“ – მზე, ანუ მზიანი ადგილი და „ძე“ გვარის დაბოლავება, რის შედეგად საბოლოოდ ასე გამოკვეთა გვარი „კვაჭანტირაძე“.
.
კვაჭაძეები – ცნობილი მეარაღეები იყვნენ, საქართველოს მუზეუმებში ინახება მათ მიერ აწობილი და ოქრო/ვერცხლით მოსევადებული დამბაჩები. აღმოსავლური იარაღის ექსპერტის ემმა ასტვაცატურიანის შედგენილ კატალოგში ,,იარაღისა და ვერცხლის საქმის კავკასიელ ოსტატთა დამღებისა და სახელების მაჩვენებელი’’ მითითებულია ოზურგეთის მაზრაში მცხოვრები იარაღის ოსტატი – “კვაჭაძე მიხეილ“. ასევე მითითითებულია ოზურგეთელი მეიარაღე “ამბაკო კვაჭაძე”. ზოგადად ოზურგეთელი ამბაკო და მიხეილ კვაჭაძეები იარაღით დაინტერესებულ წრეებში საკმაოდ ცნობილი მეიარაღეები არიან.
.
წყარო:
– И. Мегрелидзе – Лазский и Мегрельский слои в Гурийском 1938
– old.tbiliselebi.ge – აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალებიდან
– Эмма Аствацатурян – “Указатель клейм мастеров оружейного и серебряного дела Северного Кавказа и Закавказья”
.
ფოტოები აჭარის სახელმწიფო მუზეუმიდან – კვაჭაძეების დამბაჩები
.
– პირველი დამბაჩა (ფოტო 1-2) – დამზადებული უნდა იყოს მე-19 საუკუნის ბოლოს. წარმოადგენს ევროპულ მექანიზმიან კაჟიან დამბაჩას, სიგრძე საერთო სიგრძე 48 სმ. ფოლადის ლულის სიგრძე 39 სმ. დამბაჩის ტარი და ღარი დამზადებულია კაკლის ხისაგან. ინკუსტრირებულია ოქროთი და ვერცხლით, მოსევადებულია. დაფარულია ნატიფი ორნამენტებით. ლულაზე რუსულად ოქროს ასოებით აწერია: ,”Мастер Амбако Квачаце”’.
.
– მეორე დამბაჩა (ფოტო 3-4) – წარმოადგენს ევროპული ტიპის “სნაიდერის” სისტემის მექანიზმიან კაჟიან დამბაჩას, მისი ჩარჩო დამზადებულია კაკლის ხისგან. დამბაჩის მთლიანი სიგრძეა 49 სმ. ფოლადი ლულის სიგრძეა 34 სმ. დამბაჩა ინკუსტრირებულია ოქროთი და ვერცხლით, მოსევადებულია. გაფორმებულია ფაქიზად, რომბისებური ორნამენტებით, ვარდებითა და არაბესკებით. ლულას ზემოდან ოქროს ასოებით ქართულად აწერია: ,”ხელობა კვაჭაძისა’” იქვე აწერია თარიღი “1901 წ”.
.
– მესამე დამბაჩა (ფოტო 5) – წარმოადგენს ევროპული ტიპის კაჟიან დამბაჩას, ჩარჩო დამზადებულია კაკლის ხისაგან, ლულა ფოლადის, ინკუსტრირებულია ვერცხლით, მოსევადებულია. ეს დამბაჩა ორნამენტებით, ფოთლებით შემკული ტოტებით გავს ზემოთ აღნიშნულ დამბაჩებს. დამზადებული უნდა იყოს მე-19 საუკუნის ბოლოს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share