გურიელების თბილისის სასახლის შესახებ ცნობას იძლევა პლატონ იოსელიანი, რომლის მიხედვითაც – 1420 წელს საქართველოს ერთიანობის პერიოდში ავლაბარში მტკვრის პირას კლდეზე ორი სასახლე აშენებულა – “მდინარე მტკვრის ნაპირზე, ავლაბარში, პოკროვსკის კაზარმების პირდაპირ კლდის ქარაფზე“, აქედან ერთი გურიის მთავრისა ყოფილა, ხოლო მეორე სამეგრელოსი. იოსელიანის თქმით სასახლეები დაუნგრევიათ შაბასის თბილისზე თავდასხმის დროს და მათი ნანგრევები იმ დროსაც ჩანდა მტკვრის მეორე ნაპირიდან – „ამ შენობათა საფუძვლები ჯერ კიდევ მთელია და მოსჩანს ქალაქიდან“.
.
გურიელებს ძალიან ბევრი სასახლე ჰქონდათ, რასაც სამთავროს შემოვლის დროს იყენებდნენ. გურიელების მთავარი რეზიდენცია ალამბარში იყო, ასევე მთავარი იყო ოზურგეთის სასახლეც და ციხესიმაგრე, ამის გარდა გრიელებს სასახლეები ჰქონდათ – „ბათომში, ჩაქვში, ალამბარში, ჩეხედენას, უჩხობს, ლეხოურში, ნაგომარში, ბაილეთში“. ასევე ცნობილია ძიმითისა და ნაგომრის გურიელების სასახლეებიც.
.
1658 წელს საქართველოს ეწვია იერუსალიმის პატრიარქი პაისი, რომელიც ალამბარის სასახლეში, როგორც მთავარ რეზიდენციაში მიიღო გურიელმა. პაისის მოგზაურობა აღწერა დოსიფეოსიმა (შემდგომში იერუსალიმის პატრიარქი): „ფაზისიდან ჩავედით გურიის ნავმისადგომ ქობულეთში, საიდანაც ავყევით მდინარეს ზემოთ ორი საათის სავალზე, რის შემდეგაც 1659 წლის 22 მარტს მივედით ტაძართან და გურიის მთავრის სახლთან.“
.
ასევე არის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები გურიელების ალამბარის სასახლეზე – „ხინოს მდინარის შესართავთან ზღვაზედ არს ალამბარი, სასახლე შენი, გურიელთა, ფრიად შვენიერს ადგილს. კვალად ალამბრისა და აჭვის სამჴრით დის მდინარე ქობულეთისა. გამოსდის ხინო-აჭარის მთასა, მოდის დასავლით, მიერთვის ზღვასა ეგრეთვე. ზღვის პირს ამ წყალზედ არს ქობულეთ.“
.
რაც შეეხება ოზურგეთის სასახლეს და ციხესიმაგრეს იგი პირველად ნახსენებია 1578 წელთან დააკვშირებულ ქრონიკაში – „გურიელმან, შეიპყრა ზაკჳთ ბათულია. არამედ თჳთ არა მოაკუდინა და პატიმარ-ჰყო ოზურგეთს და დაიპყრა საჯავახო თავისად.“, ასევე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „შემოქმედის ქვეით, არს ოზურგეთი , სასახლე დიდშენი, კეთილ-პალატოვანი, გურიელისა. აქავ სახლობენ ვაჭარნი სომეხ-ურიანი და ვაჭრობენ.“ რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ გურიელს ახალი სასახლის შენება დაუწყია ოზურგეთში, რომელიც მისი გარდაცვალებისას თითმის დამთავრებული ყოფილა. სასახლე ძალიან დიდი და კარგი ყოფიოლა, ასევე დიდი გალავანიც ჰქონდა. მამია გურიელის გარდაცვალების შემდეგ რუსებსა და გურიელების ოჯახს შორის დიდი დაპირისპირება დაიწყო, რაც დედოფალ სოფიოს განდევნით დასრულდა. რის შემდეგაც რუსებმა გურიელების სასახლე დაანგრიეს, სასახლის მთავარ შესასვლელს სამი მარმარილოს სვეტი ამშვენებდა, რომელიც რუსებს დავით დადიანისათვის მიუციათ. სასახლის გალავანის დარჩენილი ნაწილი გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში რესტორან „იზაბელას“ მშენებლობისას დაანგრიეს.
.
თედო სახოკიას ცნობით – „დღეს ამ სასახლისა არაფერია დარჩენილი. გალავანი ნახევრად დანგრეულია, მთავრის აბანო „დრუჟინას“ ზოგი საკუჭნაოდ და ზოგიც შეშის საწყობად აქვს გადაქცეული. მარმარილოს სვეტები სასახლისა ყირიმის ომის წინ (1849-1850 წწ.) სამეგრელოს მთავარს, დავით დადიანს, უთხოვია მთავრობისათვის, ნება მომეცით ჩემი სასახლისათვის წავიღო სამეგრელოშიო. ნება დაურთავთ, და წაუღებინებია კიდეცა.“
.
საუფლისწულო სასახლეები
.
გურიელებს ჰქონდათ საუფლისწულო მამულები კახაბერში, ლესასა და საჯავახოში. საუფლისწულო მამული გურიელების ოჯახის წევრებს გადაეცემოდათ დროებით – “სარჩოდ და საცხოვრებლად”, რა შემთხვევაშიც მათ არ ჰქონდათ მიწის გასხვისებისა და ყმების განთავისუფლების ან გაყიდვის უფლება.
.
ლესის საუფლისწულო მამულის აღწერა გაკეთებული აქვს იონა მეუნარგიას, ეს მამული იმ დროს დათა გურიელის (ვახტანგ III გურიელის ვაჟის) იყო – სასახლე სოფ. ლესაში სასახლესთან იდგა სასახლის ეკლესია, იქვე იყო დიდი სასტუმრო „სააზნაურო სახლი“, ძალიან დიდი ზომისა, და მრავალი სხვა შენობა, რომელთაგან სიდიდით გამოირჩეოდა საჯინიბო, „სასახლეს „განაგებდა კაცი, რომელსაც, რუსთველის თქმისა არ იყოს, მართ ოდენ სახლთ-უხუცესობა აკლდა. ამის ხელქვეით იყვნენ: მსახურთ უფროსი, ფარეშთ-უფროსი, მესტუმრე, მეწდე, მოლარე, მეჯინიბე, ბაზიერი, კურძუალები, ქეშიკები, მოახლეები, გამდელები, სხვადასხვა მოსამსახურენი და ერთიც – სასახლის დალაქი.
.
კახაბერის საუფლისწულო მამულის აღწერა აქვს 1878 წელს რუსეთის ჯართან ერთად ბათუმში შესულ სამხედრო ისტორიკოსს და ჟურნალისტს ა. ფრენკელს, რომლის მიხედვით კახაბერში იდგა გურიელების სასახლე და ციხესიმაგრე. რომლთა ნანგრევები – „აქ (კახაბერში) კიდევ არის გურიელების ციხესიმაგრის ნარჩენები.“
.
ასევე ფრენკელის მიხედვით დღევანდელი ბათუმისა და კახაბერის ტერიტორიაზე ადრე რამდენიმე ტბა ყოფილა და ეს ადგილი გურიელების სანადირო მამულსაც წარმოადგენდა, ფრეინკელი წერს – „ამ ადგილს სახელად კახაბერი დაერქვა იმიტომ რომ აქ კახაბერ გურიელი ნადირობის დროს გარეულმა ტახებმა დაგლიჯეს“.
წყარო:
– Платон іосселіани – Опісание древностей города Тифлиса 1866 г.
– А. Френкель – Очерки Чурук-су и Батума (1879 г.)
– Т. Берадзе – Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии
– ვახუშტი ბატონიშვილი – ქართლის ცხოვრება
– ვახუშტი ბატონიშვილი – აღწერა სამეფოსა საქართველოსა
– ქველი ჩხატარაიშვილი – ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ სქართველოში 1979
– თედო სახოკია – მოგზაურობანი გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი
– ლადო მალაზონია – ოზურგეთი გურიელების სასახლის გალავანის ნარჩენები და დრუჟინის შენობა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა