“ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში” – ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას თქმით, უკრაინის გამარჯვება ადამიანის უფლებების გამარჯვებას ნიშნავს. ამის შესახებ მან გაეროს სპეციალურ სესიაზე განაცხადა.

ზელენსკამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამო.

“უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ადამიანის უფლებების გამარჯვებას უკანონობაზე, წამებასა და ნგრევაზე. ამიტომ სამართლიანობა უკრაინისთვის, არის სამართლიანობა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში. თუმცა, უკანასკნელი ერთი წელია, უკრაინელებს კლავენ მთელი მსოფლიოს თვალწინ. მათ კლავენ საკუთარ ქალაქებში, სოფლებში, ბინებში, საავადმყოფოებსა და თეატრებში”, – თქვა მან.

ზელენსკამ ისაუბრა ბახმუტზე, სადაც ამჟამად ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის პირველი ლედის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ბახმუტში დაახლოებით 80 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი იქ 5 000-მდე ადამიანი დარჩა, მათ შორის 150 ბავშვი.

“ჰუმანიტარული დახმარებისა და წყლის მისაღებად ამ ადამიანებს ყოველდღიურად დაბომბვების ქვეშ უწევთ გადაადგილება, ისინი ყოველდღე იღუპებიან”, – ამბობს ზელენსკა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share