“Разворот на Восток. Грузия готова порвать с Евросоюзом”. “მოხვევა, მობრუნება აღმოსავლეთისკენ. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობას წყვეტს”, – ამ სათაურით გამოვიდა დღეს რუსეთის მთავარი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს რია ნოვოსტის სათავო სტატია. რა წერია შიგნით აღარ მოგიყვებით, მხოლოდ ქვესათაურებს ვახსენებ: “ნახვამდის ევროპა”, “სტრატეგიული არჩევანი”.
ამ ფონზე, წყაროს ვერ დავასახელებ, თუმცა უფლება არ მაქვს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაგიზიაროთ… დაახლოებით 10 დღის წინ, ევროკავშირის მხრიდან იყო პირდაპირი კომუნიკაცია ოცნების ლიდერებთან შემდეგი გზავნილით: “ბრიუსელი მზად არის საქართველოს კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს”. ამ შეტყობინებიდან მე-2 დღეს მმართველი პარტიის ლიდერი გამოდის და აცხადებს, რომ ოცნება მხარს დაუჭერს ხალხის ძალის ინიციირებულ უცხოეთის აგენტების კანონს. ამის შემდეგ, ბრიუსელიდან პირდაპირ და საჯაროდ გვითხრეს: მიიღებთ აგენტების შესახებ კანონს? დაივიწყეთ ევროკავშირი. “არ მოგვცემთ და თქვენთვის დაიტოვეთო” – იყო ასევე საჯარო პასუხი ოცნებიდან.
მსგავსი რამ მოხდა წლის დასაწყისშიც – კანდიდატობისთვის გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლებამ ნიკა გვარამიას საპყრობილეში უკრა თავი. ამას დაემატა ანტი-უკრაინული და ანტი-დასავლური პროპაგანდის აზვირთება და ჩვენი დასავლელი პარტნიორების საჯარო შეურაცხყოფა. ამ ყველაფრის შემდეგ, მგონი არც ისე რთულია მარტივი რეალობის დანახვა: ივანიშვილის ოცნება საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ევროპული მომავლის გააზრებულ საბოტაჟს ეწევა. ის თავად ცდილობს შექმნას მიზეზები იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილება უბრალოდ ვერ მიიღოს, ქვეყანა კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს და საბოლოოდ ამოვარდეს უკრაინა-მოლდოვის კალათიდან. პარალელურად კი ანტი-დასავლური პროპაგანდის უპრეცედენტოდ მოძლიერებითა და პროდასავლურად განწყობილი აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ემიგრაციის ფონზე, რაღაც პერიოდის შემდეგ, უკვე თავად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ათქმევინოს უარი ევროპაზე.
რაში სჭირდება ივანიშვილს, ასე აშკარად, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და მისი ევროპული პერსპექტივის განულება. თითქოს უფრო ლოგიკური არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით მან და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა ისტორიულად მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანოს ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც?
ამ უცნაური ქცევის ფორმულაში 2 ცვლადია: – ივანიშვილის მთავარი ამოცანა ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება და განმტკიცებაა. სტატუს-კვოს შენარჩუნება კი მხოლოდ რუსულ მმართველობით მოდელშია, რომელიც უბრალოდ არათავსებადია ევროპულ სივრცესთან. ამიტომაც ჭირდება მას ქართული პოლიტიკის ძველი ინერციით მოძრავი ფაზის შენარჩუნება, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიოს ახალი დღის წესრიგის ნაწილად საქართველოს ქცევა და ევრო-ატლანტიკურ ოჯახთან შეუქცევადი დაახლოება.
მეორე ცვლადი, პრიორიტეტულად შესაძლოა პირველიც – პუტინია. ივანიშვილის ამ პოლიტიკით კმაყოფილია მოსკოვიც. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი და “არგაღიზიანების პოლიტიკის” ეს ხარისხი, მოცემულ ეტაპზე სრულად აკმაყოფილებს პუტინს. რუსეთის ამოცანა დღეს სულაც არ არის საქართველოს სრულად ფიზიკური ოკუპაცია და დასავლეთისგან მოწყვეტა. მოსკოვი თავად არის ცივილიზებული სამყაროსგან სრულად იზოლირებული, მას საქართველო ამ იზოლაციის პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით გარღვევისთვის სჭირდება. ამიტომ საქართველო – ბელარუსი კი არ უნდა იყოს, რომელსაც დაასანქცირებენ და ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან გარიყავენ, არამედ ჯერ კიდევ ძველი ინერციით დასავლურ ვექტორზე მოძრავი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირში და NATO-ში არასდროს გაწევრიანდება, თუმცა მისი პირველი პირები საერთაშორისო ფორუმებზე რუსულ გზავნილებს გააჟღერებენ, როგორც ეს ღარიბაშვილმა მიუნხენში, თუ დარჩიაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა. ან ბურჭულაძის საშუალებით რამშტაინის შეხვედრებს “დააკვირდებიან”. დღეს რუსეთს სჭირდება ფორმალურად ევროკავშირთან და NATO-თან მოლაპარაკების პროცესში მყოფი საქართველო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნგრეთთან და სერბეთთან ერთად დამატებით პრობლემებს შეუქმნის დასავლეთს და რუსეთთან მიმართებაში კონსენსუსის მიღწევას გაურთულებს.
ოცნების მთავრობის ნაბიჯები საქართველოს დასავლეთისგან გარკვეული დოზით იზოლაციას ისახავს მიზნად, იქნება ეს გვარამიას პატიმრობა, სააკაშვილის ციხეში წვალება, უკრაინის ხელისუფლების ლანძღვა, ევროპელ პოლიტიკოსებთან მუდმივი დაპირისპირება, თუ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომლებიც მართალია საქართველოს ეროვნული ინტერესების და ევროპული მომავლის დამაზიანებელია, სამაგიეროდ ივანიშვილის მთავარი მიზნის – ქვეყნის ნაწილობრივი იზოლაციის და საქართველოს ძველი სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემსახურება. ეს “საოცნებო ნაწილობრივი იზოლაციის პოლიტიკა” არის ივანიშვილის და რუსეთის მთავარი სტრატეგია და დასავლეთის, ქართული ოპოზიციისა თუ არასამთავრობო სექტორის მცდელობა – მილიარდერის ხელისუფლება ქვეყნის დასავლეთისგან მოწყვეტით, ევროკავშირის უარით და უკრაინა-მოლდოვას კალათიდან ამოგდებით შეაშინონ, არამხოლოდ კონტრპროდუქტიული – ძირშივე მცდარია. დაემუქრო ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის იზოლაციით, იგივეა რაც მგელი – ცხვრის ფარაში დატოვებით შეაშინო. სწორედ ეს უნდა ჩრდილოვან მმართველს. ასეთი ტიპის იზოლაცია მას საკუთარი მიზნის მიღწევაში, ანუ ავტორიტარიზმის შენარჩუნებასა და პუტინისთვის სასარგებლო პოზიციონირებაში ეხმარება.
მაშ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა და ქართულმა საზოგადოებამ იმისთვის რომ ეს წრე გაარღვიოს? ერთი შეხედვით ურთულესი ამოცანის პასუხი მარტივია: ივანიშვილის სუსტი წერტილი, არა ქვეყნის, არამედ პირადად მისი იზოლაცია და რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში მეტი ინტეგრაციაა, რაც მილიარდერს ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის მექანიზმსაც ხელიდან აცლის და აშკარა წინააღმდეგობაში მოჰყავს პუტინის ტაქტიკასთან. ამდენად, დასავლეთმა უნდა დაიწყოს არა საქართველოს, არამედ ივანიშვილის დასჯა ქვეყნის ინტერესების და ევროპული მომავლის საბოტაჟისთვის. ეს უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში მისი და მისი გარემოცვის სანქცირებით, მეორეს მხრივ კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რაც მილიარდერს ავტორიტარიზმის შენარჩუნებასაც მკვეთრად გაურთულებს და რუსეთთან დალაგებულ კომბინაციასაც თავდაყირა დააყენებს.
პარალელურად, საქართველოს მოქალაქეებმა მოსვენება არ უნდა მივცეთ ოცნების მთავრობას. 24 თებერვლის მასშტაბურმა საპროტესტო და სოლიდარობის აქციამ ყველას აჩვენა რომ მიუხედავად ანტიდასავლურ პროპაგანდაში დახარჯული მილიონებისა, ევროპელი პოლიტიკოსების ლანძღვისა, ბიძინას განწყობების რეტრანსლატორი ავტორის ანტი-დასავლური ტექსტების ხელისუფლების ტელევიზიებში სინქრონული კითხვისა, თუ ომის შიშით ბინძური მანიპულაციისა, საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მომავლის მხარდაჭერა არ შემცირებულა, თუ არ გაიზარდა. და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ოცნების ლიდერებმა, რომ ეს მხოლოდ უკრაინის სოლიდარობის აქცია იყო და არა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, ყველასთვის ნათელია რომ დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა ბოლომდე გაშავთეთრებული და გაშიშვლებულია, თავად ოცნების მხარდამჭერებისთვისაც კი, ისე როგორც არასდროს მიუღებელია რუსეთის გვერდით დგომა.
ამიტომაც, თუ ქვეყნის შიგნით საზოგადოება მსგავსი მასშტაბის და შემართების აქციებით გააგრძელებს რეგულარულად იმის დემონსტრირებას თუ რა არის სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა; თუ ევროკავშირი ფართოდ გაგვიღებს კარს, ხელისუფლების ანტი-ევროპული ქმედებებს შესაბამის სახელს საჯაროდ დაარქმევს და ამისთვის დასჯის კიდეც მილიარდერსა და მის გარემოცვას; უკრაინა გააგრძელებს გამარჯვებისკენ სვლას, ამერიკა და დასავლეთი უკრაინის ურყევ მხარდაჭერას, ხოლო რუსეთი გარდაუვალ დასუსტებას, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი კვლავაც შეეცდება “საოცნებო იზოლაციონიზმის” და რუსულ ჭაობში შეთრევის კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკა შემოგვთავაზოს, ის ამ წრეში გარდაუვალ უმცირესობაში დარჩება, მისი პოლიტიკა კი კრახისთვის განწირული!