უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 2 წლით ყოფნის უფლება აქვთ. ამ დრომდე ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდა, საქართველოში 1 წლით დარჩენა შეეძლო. გამონაკლისი ამჯერად მხოლოდ უკრაინა იქნება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.
მთავრობის ახალი დადგენილება 2023 წლის 24 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
- „დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა.
- უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება“. – აღნიშნულია კანონში.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, 95 სახელმწიფოა, მათ შორისაა რუსეთის ფედერაცია.
ამ დრომდე, საქართველოს უკრაინასთან ჰქონდა სავიზო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ყოფნა 365 დღით უვიზოდ შეეძლოთ.
გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები ერთი დღით ან რამდენიმე საათით კვეთდნენ საქართველოს საზღვარს, გადადიოდნენ რომელიმე მეზობელ ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებისას მათი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა თავიდან აითვლებოდა. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ბიომეტრიული პასპორტი აქვს.