შვილდ-ისრით ჩვენში ყოფილა ნადირობა უხსოვარ დროს. შვილდ-ისრის ნაწილები: შვილდი – ორივ მხრივ წალესილი რკინა გრძელ ტარზე, რომელსაც გაისვრიდნენ ხელით. შვილდ-ისრით ნადირობდნენ შველზე და არჩვზე.
.
ჭვილთით ნადირობა:
იყო კიდევ ჭვილთი, მოკლე რკინის ნაჭერი, ერთი ნიშნის სიგრძით, შესაფერი სისქის. ორივე წვერი წალესილი ჰქონდა. ამას ხმარობდნენ, როცა დათვი და მონადირე ხელდახელ დაეტაკებოდნენ ერთმანეთს, დათვი მონადირესკენ პირდაღებული გაექანებოდა. მონადირე პირდაღებულ დათვს პირში ჩასჩრიდა ჭვილთს, ხელს უცებ დააძრობდა. დათვს რკინა პირში შერჩებოდა და ჩაერჭობოდა ყბაში. ამ დროს მონადირე უფრო ადვილად დაიმორჩილებდა და ჰკლავდა.
.
სანადირო ძაღლები:
.
მონადირეებს სანადირო ძაღლები ჰყავდათ: მწევარი – კურდღლისათვის, მეძებარი, რომელიც სუნით ეძებდა ნადირს და როცა ნახავდა ნადირს, დაუყეფდა და იქავე გაუჩერდებოდა მაგ., კვერნას – ხეზე, დათვს – ბჟრილში (საცა დათვი დაბუნაგებულია. მონადირე გაიგონებს რა ძაღლის ყეფას, მიირბენს იმ ადგილზე და ჰკლავს ნადირს).
ნანადირევის განაწილება:
მოკლული ნადირის განაწილება ასე ხდებოდა: ნანადირევს გაანაწილებდენ თანაბრად, მაგრამ ვინც პირველად მოარტყამდა ნადირს ტყვიას, იმას უწილოდ ეძლეოდა ნანადირევის თავი და გულ-ღვიძლი.
.
სანადირო თოფები:
ჩვენს ძველს დროში იყო სანადირო თოფები:
– მაჭახელა: კაჟიანი თოფი, ხშირად მოჭედილი ვერცხლით;
– ყირიმის თოფი;
– ლამფარა: საჩიტე თოფი;
– ქოფაჩე: საეზლე თოფი – მძლავრი, ხმარობდენ დათვზე სანადიროდ;
– ჩექალოზი: მოკლე, ფართეპირიანი და მძლავრი. თითო გატენაზე სჭიროდა ოთხი დრამი თოფის წამალი;
– სტამპოლის თოფი.
სხვა წვრილმანი იარაღები: 1. ხანჯალი, 2. საქონე, 3. დიდი დანა, წელზე დაკიდული, წელის დანა, ქარქაშით; 4. ყანთაქილა (თოფის წამლის საზომი); 5. თოფის პირის წამლის ჩასაყრელი ქილა; 5. მათარა – შავი ტყავიდან დამზადებული წყლის დასალევი, წელზე ჩამოსაკიდი.
.
ზემოჩამოთვლილი თოფები იყო კაჟიანი, გარდა ქოფაჩესა, ფალიით, პირის წამლის ჩასაყარით, იტენებოდა წამლით (თოფის) და ჭინჭით.
.
ნადირობის პერიოდები:
ნადირობდენ უმეტესად ჩვენში დათვზე, მგელზე, ტურაზე, ირემზე, არჩვზე, გარეულ ღორზე, კვერნაზე და სხვა წვრილმან ნადირებზე. სანადირო ადგილები – დაბურული ადგილობრივი ტყეები. ნადირობის დრო იწყებოდა: დათვზე – იანვარ-თებერვალში, როცა დათვი წევს ბურილში; შველზე და არჩვზეც ამ დროს; კვერნაზე – ენკენისთვიდგან მარტამდე, როცა ბეწვით შეიმოსება.
.
თოფის წამლის დამზადება:
ჩვენში ამზადებენ თოფის წამალს ადგილობრივად ამგვარად: სამი წლის ნაკელზე, რომელიც დაგროვდება თხის სამწყვდევ ადგილზე, ამოვა მცენარე, რომელსაც ჰქვია გვარჯილა. ამ მცენარეს შეკრებდენ და საცეხველაში დანაყდენ, შემდეგ შეკრებდენ და ადუღებდენ. როცა გადაიცილებოდა, ამას აურევდენ წუმწუმას (გოგირდს) ორ ნაწილს, გვარჯილას ერთს ნაწილს და თხილის ღენჭოპოს (თხილის კანს), ნახშირს ერთ ნაწილს. ასე შემზადებული გაშრება და საცერში გაიცრებოდა.
.
სუფთა გაცრილს ხმარობდენ თოფის წამლად, რაც საცერზე მსხვილი თოფის წამალი დარჩებოდა, ამას ხმარობდენ ლაღუმისათვის ქვის სატეხში ან სხვა ამგვარ საჭიროებაზე. თუ რომ თხილის ღენჭოპოს ნახშირს არ გაურევდენ თოფის წამალს, წამალი ძალას არ ჰკარგავდა, მაგრამ თოფიდგან გასროლის დროს ხმას არ იზამდა და ეს იქნებოდა, მონადირეთა შეხედულობით ღალატი, რაც დაუშვებელი იყო ძველ დროში.
.
ცხოველების მონადირეობა სხვადასხვა მახეებით:
.
ხაფანგი არის დათვის დასაჭერი მახე [ხუნდი] რკინისაგან დამზადებული, წონით ერთ ფუთამდე. მოწყობილია შვილდებით ისე, რომ როგორც დათვი გაუვლის, აიშლება და იჭერს მას და არასგზით მას მისგან გამოსვლა აღარ შეუძლია (ასეთი ხაფანგი დაიდგმის ტყეში ისეთ ალაგას, სადაც დათვი ჩვეულებრივად გაივლის ამას ატყობენ მისი ნაკვალევით). რომ კაცი შემთხვევით არ მოხდეს დაგებულს ხაფანგში, ხაფანგზე მისვლამდის ნიშანს გაუბამდენ გზებზე – სუროს (მცენარეა) დაგრეხილ თოკს. ეს იყო ნიშანი და გამლელი უკან ბრუნდებოდა.
.
რაგვი. რაგვსაც უწყობდენ დათვს. ძირეულს დიდს წიფლის ნაჭერს ბაწრით მოაწყობდენ ტყეში ისე, რომ როგორც დათვი გაუვლიდა თუ არა, მაშინვე რაგვი აიშლებოდა და ეს ვეებერთელა წიფლის ქვეშ დათვი მოექცეოდა და ვერასგზით ის იქიდან თავს ვეღარ დააღწევდა. ძალიან მსხვილ ბაწარს გადმოჰკიდებდენ გადმოღაღვინებულს მსხლის წვერზე ტყეში იმ ალაგას, საცა დათვი ხშირად დადიოდა; ბაწარი ისე იქნებოდა აწყობილი, რომ, როგორც დათვი გაუვლიდა ხის ძირს, იმწამსვე აიშლებოდა და დათვს ფეხებზე წაეჭირობოდა, მსხლის წვერი (გადმოღუნული) აიმართებოდა და დათვი ზედ წამოეკიდებოდა. ამ მახესაც, როგორც პირველს ორს, ჰქონდა გამლელი კაცისთვის გამაბრთხილებელი ნიშანი.
.
მთხრობელები: სამსონ ეგნატეს ძე ანთიძე, 59 წლის და რაჟდენ ბეჟუკის ძე მამალაძე, 67 წლის (სოფელი ხევი).
მასალა შეკრებილია ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ჩაწერის წელი: 1936 (corpora.co)
ფოტო გურულები – 1880 წელი;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა