“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთ საუბარს იხსენებს და ამბობს, რომ მან აფხაზეთის ნატოში გაცვლის შეთავაზებაც გააკეთა. მისივე თქმით, ივანიშვილის სურდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარების დაპირება აფხაზებისთვის საჯაროდ გაეცა, რაც “რესპუბლიკელებმა” ასევე დაბლოკეს.
“აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. არ იცვლება თქო, მკაფიოდ ვუპასუხეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო – ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ. […]
მთავარი პრობლემა ის კი არაა, როდის რა გაჟღერდა და რა დოზით, არამედ ის, რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება როდის და როგორ მოხერხდა (თუ ვერ მოხერხდა). […]
ისიც აღსანიშნავია, რომ 2015- 2016 წლებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის როლი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო. ბიძინა მისი ხედვების რეალიზებას ამ მიმართულებით ვერ ახერხებდა.
ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს. 2016- 2020 წლები დასავლური სვლის შეფერხება/ შეჩერება იყო. 2020/2021 წწ- ში არჩევნების მიტაცება უკვე სახელმწიფოებრიობის კრიზისს ქმნიდა. 2022- ის 24 თებერვლიდან კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს”, – წერს ბერძენიშვილი.