დეგნანი რუსულ კანონზე: რა არის მისი მიღების ნამდვილი მიზანი და მიზეზი?

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ამასთან, ამბობს, რომ ქვეყანას ეს კანონი არ სჭირდება.

“რეალური კითხვაა, რა არის საქართველოს ინტერესებში. ნათელია, რომ საქართველოს არც ერთი ვერსია სჭირდება, ეს კანონი არ სჭირდება და ასევე ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებაზე. კითხვა ჩნდება, რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი და მიზეზი? რა დგას იმის უკან, რაც საქართველოს არ სჭირდება და რაც საფრთხეს შეუქმნის ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია”, – თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით “ხალხის ძალამ” დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს “სიტყვა-სიტყვით თარგმანია”. ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share