$12 მილიონი ჩხარტიშვილის სასარგებლოდ
ქართულმა კომპანიამ უცხოელ ინვესტორს ქართულ სასამართლოში 12.4 მილიონი დოლარი მოუგო. ეს ამბავი 2022 წლის ზაფხულში უჩუმრად, გაუხმაურებლად მოხდა.
მოგებული კომპანია ვანო ჩხარტიშვილის ბიზნეს ჯგუფის შვილობილი “ვიბრო დიაგნოსტიკია”. წაგებული – “ბათუმის ნავთობტერმინალი” – ყველაზე მსხვილი ტერმინალი საქართველოში, რომელსაც ყაზახური სახელმწიფო კომპანია ფლობს.
რადიო თავისუფლებამ ექსკლუზიურად მოიპოვა ამ სასამართლო დავის დოკუმენტები და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტებთან ერთად შეისწავლა.
“სასამართლომ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ბათუმის ტერმინალის უფლებებს მნიშვნელოვნად ლახავს”, – უთხრეს TI საქართველოს იურისტებმა რადიო თავისუფლებას.
ყაზახური კომპანია, რომელსაც იურისტების შეფასებით, სასამართლოს “დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზარალებს”, დუმს.
ბათუმის ნავთობტერმინალი – ნავმისადგომი, 133 რეზერვუარი, სარკინიგზო ჩიხები, 80 ჰექტარი მიწა – ყაზახური სახელმწიფო კომპანიის, ყაზტრანსოილის საკუთრებაა 2006 წლიდან. ტერმინალი 90-მდე კომპანიას ემსახურება და წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირს ატარებს.
ამ კომპანიას ბათუმის საზღვაო ნავსადგური 2055 წლამდე იჯარით აქვს აღებული.
შევარდნაძის მთავრობის მინისტრის, დღეს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მილიონერი ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ “ვიბრო დიაგნოსტიკმა“, ბათუმის ნავთობტერმინალთან 2014 წელს ორი ხელშეკრულება გააფორმა. ვიბრომ ტერმინალისგან იჯარით (აღნაგობის უფლებით) აიღო დაახლოებით 13 ათასი კვ.მ მიწა, სადაც 11 რეზერვუარით მცირე ნავთობტერმინალი მოაწყო.
ჩხარტიშვილის კომპანია კლიენტების ნავთობპროდუქტებს საკუთარი და ბათუმის ტერმინალის ინფრასტრუქტურის (რეზერვუარებით, რკინიგზით, ნავმისადგომით) გამოყენებით წლებია გადაზიდავს.
პირველმა უთანხმოებამ ყაზახურ კომპანიასა და ჩხარტიშვილის კომპანიას შორის თანამშრომლობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ იჩინა თავი, თუმცა სასამართლომდე დავა მოგვიანებით მივიდა, როდესაც ნავთობტერმინალმა ვიბროს საბოლოო უარი უთხრა დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემასა და ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე.
ვიბრო დიაგნოსტიკმა პარტნიორს სასამართლოში 2021 წლის იანვარში უჩივლა. ჩხარტიშვილის კომპანია ირწმუნებოდა, რომ ამ უარის გამო ვერ გაფართოვდა და მილიონობით ლარი იზარალა.
ყაზახურმა კომპანიამ, სასამართლოს უთხრა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი 2014 წლის შეთანხმებით არ იყო ვალდებული დაეკმაყოფილებინა ჩხარტიშვილის კომპანიის ახალი მოთხოვნები და, ამავე დროს, ვიბროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პირობას კეთილსინდისიერად იცავდა
ვიბრო დიაგნოსტიკმა სასამართლოში 3 მოთხოვნა დააყენა:
- ბათუმის ნავთობტერმინალისთვის 12.4 მლნ დოლარის გადახდის დაკისრება
- ტერმინალის დავალდებულება, რომ ვიბროსთვის მიწა გამოეყო და დახმარებოდა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობაში
- ვიბროსთვის სასურველი ტარიფით მომსახურება, ტერმინალისთვის ამ ტარიფის ცალხმრივად შეცვლის აკრძალვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ვიბროს ყველა მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია და ბათუმის ნავთობტერმინალს 12.4 მლნ დოლარის გადახდა, ჩხარტიშვილის კომპანიისთვის მიწის გამოყოფა, ინფრასტრუქტურის მოწყობაში დახმარება და მისაღები ტარიფით მომსახურება დაავალა.
“სასამართლომ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას. ამ გადაწყვეტილებით ბათუმის ტერმინალს დაუწესდა ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არ ყოფილა. Ფაქტობრივად, სასამართლო გასცდა ხელშეკრულებების ჩარჩოებს, ახალი ვალდებულება შეუქმნა და დააკისრა ბათუმის ტერმინალს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალს არასდროს გამოუთქვამს ასეთი ვალდებულებების აღების სურვილი, მოუწევს მისი შესრულება”, – უთხრეს რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტებმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.
როგორ დაითვალა სასამართლომ ზარალი
Მოსამართლე დაეყრდნო ორ მოდავე მხარეს შორის მხოლოდ ერთის – ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის დაკვეთით მომზადებულ გაანგარიშებას. ვიბროს ზარალი კერძო საშემფასებლო კომპანიამ 2020 წელს დაუთვალა. ეს ანგარიში დაფუძნებულია ჰიპოთეტურ დაშვებაზე – რა მოხდებოდა, ჩხარტიშვილის კომპანიას ბიზნესი რომ გაეფართოებინა.
დასკვნის მიხედვით, ვიბრო დიაგნოსტიკმა 5 წლის განმავლობაში, ჯამში, ვერ მიიღო 1 700 000 დოლარის შემოსავალი, რის გამოც დროულად ვერ გადაიხადა 8 500 000 $-ს მოცულობის სესხის შენატანი და დაეკისრა პირგასამტეხლო.
ამ ყველაფრის ჯამმა კი 12.4 მლნ $ შეადგინა.
ბათუმის ტერმინალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ვიბროსთვის ზარალი არ მიუყენებია, მის ტვირთებს უწყვეტად ემსახურებოდა, მხოლოდ 4-ჯერ უთხრა უარი და 4-ვე შემთხვევაში ობიექტური მიზეზით (დოკუმენტაცია დევს სასამართლოს მასალებში – რ.თ.).
ნავთობტერმინალი მოსამართლეს უხსნიდა, რომ ჩხარტიშვილის კომპანიის დავალიანება – გადაუხდელი სესხი – ტერმინალის ბრალი არ იყო და სთხოვდა ეს თანხა მათთვის არ დაეკისრებინა: თუკი სასამართლო ვიბრო დიაგნოსტიკის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს იქნება “მოპასუხის (ბათუმის ტერმინალის) საქმიანობაში ჩარევა და ფაქტიურად მისი ქონების და ფინანსური რესურსების მიტაცება”, – წერდა ყაზახური კომპანია ბათუმის სასამართლოს.
კომპანია სასამართლოს უხსნიდა, რომ ტარიფი, რომლის დადგენასაც ჩხარტიშვილის კომპანია ითხოვდა, საბაზრო ფასზე 3-ჯერ ნაკლები იყო და ბათუმის ტერმინალს ეკონომიკურად აზარალებდა.
ბათუმის სასამართლომ არ გაიზიარა ყაზახური კომპანიის არგუმენტები, დაეყრდნო მხოლოდ ვიბროს წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნას, შეკრიბა ჩხარტიშვილის კომპანიის მიუღებელი, თეორიული შემოსავალი, სესხის ძირი და პირგასამტეხლოს თანხა და ჯამში 12 492 173$ დააკისრა ბათუმის ტერმინალს.
რადიო თავისუფლებამ დასკვნა, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, რამდენიმე დამოუკიდებელ ექსპერტს აჩვენა. ყველამ ერთი და იგივე თქვა – მხოლოდ ამ დასკვნით, რომელიც თეორიულ გათვლებს ეყრდნობა, რეალური ზიანის და მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
ჩხარტიშვილის კომპანიის სასარგებლოდ ინვესტორისთვის 12 მილიონის დაკისრება არ არის ერთადერთი საეჭვო გადაწყვეტილება რომელიც ბათუმის სასამართლომ მიიღო. ვიბროსა და ნავთობტერმინალს შორის დადებული შეთანხმებების მიხედვით, ეს დავა ქართულ სასამართლოს საერთოდ არ უნდა განეხილა.
2014 წელს, როცა მხარეები მიწის იჯარით გადაცემაზე შეთანხმდნენ, ხელშეკრულებებში ჩაიწერა, რომ მხარეებს შორის უთანხმოება სასამართლოში გაირჩეოდა, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით გაჩნდა ჩანაწერი, რომ მომავალში დავებს არა სასამართლო, არამედ სტოკჰოლმის არბიტრაჟი განიხილავდა.
“ხელშეკრულებების ცვლილებებით მხარეები დავის არბიტრაჟის გზით გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ… შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოს ეს საქმე არ უნდა განეხილა”, – უთხრეს თი-აის იურისტებმა რადიო თავისუფლებას.
2021 წელს, როცა ვიბრომ ტერმინალს სასამართლოში უჩივლა, ტერმინალის იურისტმა ბათუმის სასამართლოს მიმართა და მოსამართლეს შეატყობინა ხელშეკრულების იმ მუხლის შესახებ, რომლის მიხედვით დავა საერთაშორისო არბიტრაჟს უნდა განეხილა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამას ყურადღება არ მიაქცია და დავის განხილვა თავად დაიწყო.
Არბიტრაჟის შესახებ კანონის მე-9 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, უარი თქვას საქმის განხილვაზე, როცა მხარეები არბიტრაჟზე არიან შეთანხმებული. სასამართლოს Მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დავის განხილვა, თუ დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.
“Არც ერთი ეს საკითხი ბათუმის სასამართლოს მოსამართლეს არ შეუსწავლია და მხოლოდ არასწორი თარგმანი* გამოიყენა იმის გასამართლებლად, რომ არბიტრაჟი არ ყოფილა ექსკლუზიურად ჩადებული ხელშეკრულებაში”, უთხრეს თი-აის იურისტებმა რადიო თავისუფლებას.
ბათუმის სასამართლოს შემდეგ საქმე მეორე ინსტანციის სასამართლომაც ჩხარტიშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ბათუმის ნავთობტერმინალმა 2022 წლის სექტემბერში უზენაეს სასამართლოს მიმართა, საჩივრის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ვანო ჩხარტიშვილი და მისი პოლიტიკური კავშირები
შევარდნაძის მთავრობის მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი, 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა, საქართველოში ის მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდა.
2004-2008 წლებში ჩხარტიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ფლობდა იმ დროს პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის ტელეკომპანია “მზეს“.
59 წლის ბიზნესმენი ოზურგეთიდანაა. პროფესიით ეკონომისტის პირველი სამსახური სოფელ ლიხაურის ჩაის ფაბრიკა იყო. მსახურობდა საგადასახადო ინსპექციაში.
2000 წელს, შევარდნაძის მთავრობაში ის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ხოლო 2001 წელს ეკონომიკის მინისტრია.
საქართველოში დაბრუნებიდან ერთ წელიწადში ჩხარტიშვილმა “სმარტ კაპიტალ ჯგუფი” დააფუძნა, სადაც 10-ზე მეტი კომპანიაა გაერთიანებული. ჯგუფის 51%-ს თავად ფლობს, დანარჩენს – მისი ორი შვილი. „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ საქმიანობის შესახებ მათ ვებგვერდზე წერია, რომ ჯგუფი დაინტერესებულია
- ენერგეტიკით,
- უძრავი ქონებისა და სასტუმროების განვითარებითა და მენეჯმენტით,
- სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტით
- ტექნოლოგია-წარმოება-ლოგისტიკით.
ვანო ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფს”, 2019 წელს 17 მლნ ლარი შემოსავალი ჰქონდა, 2021 ში 11-ჯერ მეტი – 187 მილიონი.
მხოლოდ ბოლო 3 წელში „სმარტ კაპიტალ ჯგუფს“ 70 მლნ ლარის მოგება დარჩა.
არაერთი წყაროს თანახმად, ვანო ჩხარტიშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. მას პირადი ურთიერთობა აქვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან და მონაწილეობს საქართველოს მთავრობასთან ერთად უცხოელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებში.
ჩხარტიშვილის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2018-19 წლებში, ვიდრე მთავრობაში ხელახლა დაბრუნდებოდა.
ის ვანო ჩხარტიშვილის “ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი იყო და მისი ანაზღაურება 20 თვეში, საერთო ჯამში, 400 ათას ლარზე მეტი იყო.
2019 წელს ჩხარტიშვილმა ღიად გააკრიტიკა „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებული ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, შეაქო ბიძინა ივანიშვილი. თავად ივანიშვილმა კი ბიზნესმენებს შორის დავების გარჩევაზე საუბრისას ჩხარტიშვილის მიმართ მადლიერება საჯაროდაც კი გამოხატა.
ვანო ჩხარტიშვილის გავლენები მთავრობაში ირიბად დაადასტურა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამაც.
კიდევ 16 მლნ დოლარი ჩხარტიშვილის სასარგებლოდ
12-მლნ-იანი დავა არ არის ერთადერთი, რომელიც ქართულმა სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
“ვიბრო დიაგნოსტიკს” “ბათუმის ნავთობტერმინალის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სამსამართლოში 16-მილიონდოლარიანი დავაც აქვს მოგებული.
2016 წლის დეკემბერში ვიბრო დიაგნოსტიკმა თბილისის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. ვიბრო ბათუმის ტერმინალს წინასწარ შეთანხმებული პირობების დარღვევაში ადანაშაულებდა, გადაზიდვის ტარიფის ცვლილებას და დაკარგული მოგების ანაზღაურებას ითხოვდა.
2019 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიბრო დიაგნოსტიკის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, ბათუმის ტერმინალს დაავალა ვიბროსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება, სადაც ვიბროსთვის მისაღები ტარიფები იქნებოდა ჩაწერილი.
ეს გადაწყვეტილება ტერმინალმა უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, 2020 წელს სააპელაციო სასამართლომ ჩხარტიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და განსახილველად საქმე ისევ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. საქალაქო სასამართლომ მეორედაც ჩხარტიშვილის კომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ბათუმის ნავთობტერმინალის ყაზახ მმართველებს ჩხარტიშვილის კომპანიისთვის 16 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. ბათუმის ნავთობტერმინალმა ეს გადაწყვეტილება ისევ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
ვიბრო დიაგნოსტიკის ისტორია და კავშირები
ივანე ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფის” შვილობილი კომპანია “ვიბრო დიაგნოსტიკი” საქართველოში 2013 წელს დარეგისტრირდა, როგორც უცხოური საწარმოს ფილიალი.
მისი დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე სეიმურ ახუნდზადა იყო, მფლობელი კი არაბეთის საამიროებში, აჯმანის თავისუფალ ზონაში რეგისტრირებული კომპანია vibro diagnostik-ი.
2015 წელს კომპანიას სათავეში ოთარი ქათამაძე ჩაუდგა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, დირექტორი გახდა კომპანიის 70%-ს მფლობელიც, 30% კვლავ აზერბაიჯანის მოქალაქეს დარჩა.
ოთარი ქათამაძე რუსული ნავთობკომპანია “ლუკოილ ჯორჯიას” იმდროინდელი დირექტორის ზაზა ქათამაძის შვილია. ზაზა ქათამაძე ოთარ ფარცხალაძის მეგობრად ითვლება, როცა ის ჩხარტიშვილის კომპანიის დირექტორი გახდა, ფარცხალაძე ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, მოგვიანებით მთავარი პროკურორი, ბოლოს კი “ლუკოილ ჯორჯიაში” დასაქმდა.
ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლია ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილია.
2014 წლის დეკემბერში ქართუ ბანკსა და ვიბრო დიაგნოსტიკს შორის ორი ხელშეკრულება ფორმდება. საქართველოში რეგისტრირებულმა ვიბრომ ქართუ ბანკისგან ისესხა დაახლოებით 30 მლნ დოლარი, რომლითაც აზერბაიჯანელი მფლობელისგან ახუნდზადისგან ქართულ მხარეს კომპანიის წილი უნდა გამოესყიდა.
ქართუს სესხის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დაიტვირთა ვიბრო დიაგნოსტიკის ბათუმში მდებარე ნავთობის რეზერვუარები და ყაზახების ტერმინალისგან იჯარით აღებული მიწის აღნაგობის უფლება.
ერთი წლის შემდეგ, 2015 წელს, ვიბრო დიაგნოსტიკის მართვაში 10 წლის ვადით სახელმწიფო კომპანიის “საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანია, ჯიარ-ტრანს შიფმენტი შედის. სახელმწიფო კომპანიამ ჩაიბარა ვიბროს მართვა, აიღო პასუხისმგებლობა, რომ კომპანიის ტვირთბრუნვას და შემოსავალს გაზრდიდა და მართვისთვის თვეში 7000 დოლარს მიიღებდა.
მართვის აღებასთან ერთად ჯიარ-ტრანს შიფმენტმა ჩხარტიშვილის კომპანიას რვა-ნახევარი მილიონი დოლარიც ასესხა. ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით მეორედ დაიტვირთა ვიბროს ქონება, რომელიც უკვე სრულად იყო დატვირთული ქართუ ბანკის უზრუნველყოფისთვის. სესხი რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ ჩხარტიშვილის კომპანიას 2016 წლის ზაფხულში მისცა, მაშინ როცა თავად საქართველოს რკინიგზას 65-მილიონიანი ზარალით ჰქონდა წინა წელი დასრულებული.
ამ სესხთან დაკავშირებით “საქართველოს რკინიგზაში” არ საუბრობენ, მათ რადიო თავისუფლების წერილს არ უპასუხეს.
ვიბრო დიაგნოსტიკმა 2018 წელს ქართუ ბანკში სესხის ყოველთვიური გადასახადი ვერ შეიტანა და ქართუ ბანკმა სესხის რესტრუქტურიზაცია გაუკეთა. სესხის თავდებად ქართუსთან ჩხარტიშვილის ბიზნესჯგუფის სხვა კომპანიები დადგნენ.
უახლესი ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ახლა ვიბრო დიაგნოსტიკის წილების 66%-ს ყაზახეთის მოქალაქე ფლობს, 34%-ს ქართველი მეწილეები, მათ შორისაა რატი ღვამბერია – ვანო ჩხარტიშვილის სმარტ კაპიტალ ჯგუფის გენერალური დირექტორი და ჩხარტიშვილის მრავალწლიანი პარტნიორი.
სმარტ კაპიტალ ჯგუფის ვებგვერდზე ვიბრო დიაგნოსტიკი დღემდე ჯგუფის შვილობილ კომპანიადაა მითითებული.
ვიბრო დიაგნოსტიკის შემოსავლებმა 2018-21 წლებში ჯამში 40 მლნ ლარი შეადგინა, მოგებამ კი დაახლოებით 14 მლნ ლარი. თუკი ვიბრო ბათუმის ნავთობტერმინალს ორივე დავას საბოლოდ მოუგებს, ჯამში ყაზახური კომპანიისგან 28 მლნ დოლარს მიიღებს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მისი ჯამური მოგება.
ჩხარტიშვილი – ივანიშვილის კავშირები
2021 წლის ოქტომბერში ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეამ”, რომელსაც იურისტი და ქართული ოცნების ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობს, გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით “პანდორას ყუთი გაიხსნა – ივანიშვილის კავშირი ჩინურ კომპანიებთან” ანგარიშში აღწერილია, როგორ გადასცა საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზი) 75%-იანი წილი საეჭვო ჩინურ კომპანიას (CEFC China Energy-ს) 2017 წელს და როგორ აღმოჩნდა ფოთის თიზი ივანე ჩხარტიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების განკარგულებაში.
ანგარიშის მიხედვით ამ ჩინური კომპანიის ქართველი პარტნიორი თავიდანვე ვანო ჩხარტიშვილი იყო, ის პირადად ესწრებოდა საქართველოს მთავრობასა და ჩინელ ბიზნესმენებს შორის მოლაპარაკებებს.
ფოთის თიზი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის პორტის სიახლოვეს, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, კანონით მრავალი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს და ქართული და უცხოური ბიზნესკომპანიებისთვის იქ დარეგისტრირება მიმზიდველი და მომგებიანია.
ფოთის თიზი დღეს დეკლარირებულად შედის ვანო ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფში”.
ამაში ჩხარტიშვილს ქართული სასამართლო დაეხმარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის სექტემბერში ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის დირექტორის რატი ღვამბერიას მიმართვის საფუძველზე გამოიტანა ორი განჩინება, რომლითაც ჩინური კომპანიის CEFC China Energy-ს მიერ შეძენილი ფოთის თიზის მართვის უფლება გადასცა კომპანიას, რომლის უკანაც საჯარო წყაროების მიხედვით ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილი დგანან.
ჩხარტიშვილის თიზის მმართველ კომპანიაში მუშაობდა ახლანდელი პრემიერ-მინისტრიც 2018-19 წლებში, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად დაბრუნდებოდა.
თიზის მმართველი კომპანიის მფლობელის, შპს ევრაზიან ინვესტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ივანე ჩხარტიშვილია, კომპანიის 51% წილს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ბრაითსთოუნ ფაინანს ლიმითიდი” ფლობს, რომლის მესაკუთრეც ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ დოკუმენტაცია “პანდორას დოკუმენტების” სახელით გამოქვეყნდა 2021 წლის ოქტომბერში.
2021 წელსვე, ივანიშვილის დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა დაადასტურა ფონდის და ივანიშვილის კავშირი ხსენებულ ოფშორულ კომპანიასთან, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ფოთის თიზს მხოლოდ ინვესტორების მოძიებაში ეხმარებიან და მის წილებს არ ფლობენ.
ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თანამშრომელი დავით ებრალიძე დღემდე ხელმძღვანელობს ფოთის თიზს.
ფოთის თიზის მფლობელ ჩინურ კომპანიას ეტაპობრივი ინვესტირების ვალდებულება ჰქონდა. გრაფიკით მას 2020 წლის 26 დეკემბრისთვის საწარმოში 50 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა ჰქონოდა ჩადებული.
“სამოქალაქო იდეის” ანგარიშის მიხედვით საქართველოს მთავრობამ, კომპანიას, რომლის მფლობელების უკან ჩხარტიშვილი და ივანიშვილი იდგნენ, შეღავათი გაუწია. ინვესტიციის ჩადების ვალდებულება 4 წლით გადაუვადა და მოსალოდნელი სანქციისგან გაათავისუფლა.
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ერთადერთ ამოცანას ემსახურება – შეუნარჩუნოს ყოფილ პრემიერს ფოთის თიზის სრული კონტროლი„სამოქალაქო იდეის“ ანგარიში
“სასამართლომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, კრიმინალურ სკანდალებში გახვეულ, გაკოტრების პირას მყოფ ჩინურ კომპანია CEFC China Energy-ს და ამ უკანასკნელის გაკოტრების შემდეგ კი, კანონის გვერდის ავლით, მოაქცია ბიძინა ივანიშვილისა და ივანე ჩხარტიშვილის შეუზღუდავი კონტროლის ქვეშ. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ერთადერთ ამოცანას ემსახურება – შეუნარჩუნოს ყოფილ პრემიერს ფოთის თიზის სრული კონტროლი და არ დაუშვას ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება”, – წერია „სამოქალაქო იდეის“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში “სმარტ კაპიტალ ჯგუფი” წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი ბიზნესპარტნიორები არ არიან.
როგორ მოუგო ჩხარტიშვილმა 93 მლნ ლარი ფილიპ მორისს
კიდევ ერთი დავა, სადაც სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, თამბაქოს მწარმოებლების გახმაურებული საქმეა, რომლის გამოც საქართველო ლამის საერთაშორისო სკანდალში გაეხვია.
2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის “თბილისის თამბაქოსთვის” მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის Philip Morris International-ის ქართულ შვილობილ კომპანიას ფილიპ მორის საქართველოს 93 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ფილიპ მორისი საქართველოში თამბაქოს დემპინგურ ფასად ყიდდა, რითიც ჩხარტიშვილის კუთვნილ “თბილისის თამბაქოს” მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.
თბილისის თამბაქოს და ფილიპ მორისის დავა შეისწავლა და 2017 წლის 30 მარტს პოზიცია გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ. ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავა დაჩქარებულად განიხილა, არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო –
მოსამართლემ ფილიპ მორისს იმაზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა, ვიდრე თბილისის თამბაქოს, მათივე არგუმენტების მიხედვით, რეალურად შეეძლო ეზარალა.
სასამართლომ საქმეს არ დაურთო და არ გაითვალისწინა კომპანია „ფილიპ მორისის” მიერ წარდგენილი კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომელმაც 2016 წელს თამბაქოს ბაზარი შეისწავლა და კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არ დაადგინა. Დასკვნა, სადაც ეწერა, რომ თამბაქოს ბაზარზე ყველაფერი რიგზეა და კონკურენტული გარემოა, კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე თავიდან გამოქვეყნდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიზეზით წაიშალა – ამის შესახებ TI-ს განცხადებაშია საუბარი.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დიდი ხმაური მოჰყვა და მალევე 2017 წლის 9 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 93 მილიონის დაკისრების გადაწყვეტილება.
ჩხარტიშვილის კომპანიამ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 1 კვირაში საჩივარი უკან გამოიტანა. საქმის განხილვა შეწყდა. რამდენიმე წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ჩხარტიშვილს უკან დახევა ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.
შესაძლოა დავის შეწყვეტის მიზეზი მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება ყოფილიყო.
2017 წლის 8 ივნისს ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის წევრს ფილიპ მორისის სასამართლო დავასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა USAID-ის ხელმძღვანელის თანაშემწემ ევროპასა და ევრაზიაში და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, თომას მელიამ.
ქართული სასამართლოს მიკერძოებაზე ისაუბრა აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ. 2018 წლის მარტში, მან ფილიპ მორისთან დაკავშირებულ დავაზე საუბრისას თქვა, რომ ქართველი მოსამართლეები ზოგიერთ შემთხვევაში მიუკერძოებლები არ არიან. მაშინ აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ სასამართლოს პრობლემა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვისაც ცნობილია და ის მუშაობს ამ საკითხის მოსაგვარებლად.
2017 წელს ფილიპ მორისს ჩხარტიშვილის კომპანიის სასარგებლოდ 93 მილიონი ლარი მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ დააკისრა, მაშინ ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული.
ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში, გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე 2 წლით ადრე, ვლადიმერ კაკაბაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვადაზე ადრე დანიშნა უვადო მოსამართლედ.
2019 წელს კი ვლადიმერ კაკაბაძე დააწინაურეს, საქართველოს პარლამენტმა ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაამტკიცა.
ბათუმის ნავთობტერმინალი დუმს
ბათუმის ტერმინალი 28 მილიონის დაკისრებაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, მანამდე დუმს. ყაზახურმა კომპანიამ რადიო თავისუფლებას მოსწერა, რომ “მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, უფლებას იტოვებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე თავი შეიკავოს მასმედიასთან საჯარო კომენტარებისგან…”
საბოლოო გადაწყვეტილებამდე დავის დეტალებზე არ საუბრობენ არც ჩხარტიშვილის კომპანიაში, რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში წერენ, რომ სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილს გავლენა არ გამოუყენებია და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბათუმის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ მათი დასაბუთებული არგუმენტები გაიზიარეს.
არსებობს ორი ხელშეკრულების ერთ პერიოდში დადებული ორი ცვლილება, რუსულ და ქართულ ენებზე. ორივეგან რუსულ ენაზე წერია, რომ მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების მუხლის ცვლილებაზე და დავას გადასცემენ არბიტრაჟს. ცვლილებაში ერთგან წერია სიტყვა “მუხლი … ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად” მეორეგან კი წერია სიტყვა “ მუხლი … განიმარტოს შემდეგნაირად”.
რადიო თავისუფლება