რას ნიშნავს მინი-რუსეთის მოდელი ქვეყნის შექმნა?
ასეთ ქვეყანაში ძალიან დიდი ფული კეთდება მხოლოდ ძარცვით. ამ ძარცვაში შედის ბიუჯეტის ქურდობა და კორუმპირებული სახელმწიფო აპარატის გამოყენება-მფარველობით ლეგალური და პარა-კრიმინალური ბიზნესების დათრევა. ნაძარცვი ფულის ძირითადი ნაწილის დაბანდება ხდება ამერიკა-ევროპაში, რადგან არავინ არის ისეთი სულელი, მოპარული სიმდიდრე დანაშაულის ჩადენის ადგილზე შეინახოს.
კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი უზრუნველყოფს იმ კანონებისა და რეგულაციების მიღებას, რომლებიც სრულად დაიცავენ მის უსაფრთხოებას. აღმასრულებლად ცხადია იყენებს სასამართლოს, პროკურატურასა და პოლიციას.
რუსეთის მინი-მოდელს აქვს ერთი საშიში თავისებურება, რომელიც საშვილიშვილოდ უზრუნველყოფს ქვეყნის დეგრადაციას და შეუძლებელს ხდის მის გამოსვლას პათოლოგიური ციკლიდან. ეს არის დემოკრატიული დასავლეთის სტრუქტურების გამოყენება სათავისოდ.
კორუმპირებული მაფიოზების შვილებისათვის დასავლეთი ღიაა და ისინი იქ ეუფლებიან განათლებას. ცხადია, მათი “განათლება” ხდება არა იმ სფეროებში, რომლებსაც უცხოეთში დასამკვიდრებლად სერიოზული შრომა სჭირდება, არამედ “ბრჭყვიალა”, უაზრო დარგებში. მათ დასავლური დიპლომი მხოლოდ თავიანთი კორუმპირებული მშობლების მიერ უკანონოდ მოპოვებული სიმდიდრის ლეგალურად გამოსაყენებლად სჭირდებათ.
რაც შეეხება “უპატრონო” ნიჭიერ ახალგაზრდებს, ისინი ან ქვეყნიდან უნდა გაიქცნენ, ან კონფორმიზმის მეშვეობით გზა გაიკვლიონ სახელმწიფო სტრუქტურებში და მერე იქედან, დასავლური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი ადგილებითა და დაფინანსებით ან საზღვარგარეთ გადაიხვეწონ, ან რაიმე ადგილობრივ უცხოურ კომპანიაში იმუშავონ, რისთვისაც ისევ კონფორმიზმს უნდა მიმართონ ფიზიკური გადარჩენისათვის.
არის კიდევ ერთი კატეგორია: ჭკვიანი პროფესიონალების, რომლებიც საკუთარი ნიჭით გარკვეულ ფინანსურ სტაბილურობას აღწევენ მხოლოდ წვრილ ან საშუალო ბიზნესში, ანდა პროფესიულ სტრუქტურებში.
სწორედ ამ კატეგორიების იძულებითი კონფორმიზმით, ანუ შემგუებლობით იქმნება კასტა, რომელიც ქვეყანაში დასავლურობის, დემოკრატიულობის ილუზიას ქმნის. ეს ილუზია წარმოადგენს სწორედ ყველაზე მძლავრ მხარდამჭერ მექანიზმს კორუმპირებული მთავრობისათვის. ამ ადამიანებს ვერ გაკიცხავ, რადგან ისინი თავის გადასარჩენად შრომობენ; ვერც დაამუნათებ, რადგან გეტყვიან რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და როგორც თუთაშხია იტყოდა: -თავის წილ ბოსტანს მარგლავენ-. ანუ, როგორც “გლეხურად” იტყვიან: – პოლიტიკაში არ ერევიან; პროფესიონალები არიან.
ეს არის მინი-რუსეთის იდეალური მოდელი, რომელიც საათივით მუშაობს. ამ მექანიზმის მუშაობის შედეგი კი ზუსტად ისეთივეა, როგორც რუსეთის; ჩამორჩენილი, ღარიბი, გაუნათლებელი, მზარდი კრიმინალის, განგსტერული, მომავლის პერსპექტივების არმქონე ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 99% უბრალოდ არსებობს და ნაცრისფერ დეკორაციას უქმნის გამძღარ 1%-ს.
ეს არის არსი მთელი იმ სისტემა-მოდელისა, რაც უკვე შექმნილია საქართველოში. ახლა უბრალოდ ამ მექანიზმის საბოლოო ჩაბეტონების პროცესი მიმდინარეობს.
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული.