ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა, ამაშია საქმე, როგორ განვითარდება მოვლენები, შევძლებთ თუ არ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუ ამას შევძლებთ, მაშინ ეს ყველაფერი გამართლებული იქნება, რადგან მის ჩამოსვლასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება შესამჩნევად გამოცოცხლდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტთან, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
ალასანიამ მარკ ფეიგინთან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
„მიხეილ სააკაშვილი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ყოველი მონახულებისას ვხედავ, რომ უფრო და უფრო ცუდადაა. ადამიანი უკვე წელიწად-ნახევარია, გამოკეტილია, მზე არ უნახავს, ჟანგბადის უკმარისობა აქვს, ფანჯრებზე, რომლებიც ციხეში აქვს, შიგნიდან ჟალუზებია და ოდნავ იღება. ჯანმრთელი ადამიანიც რომ განათავსო ამ პირობებში, ისიც ავად გახდება. მისი ჯანმრთელობა ახლა ისეა გადაჯაჭვული ამ თემასთან, რომ მისი გადარჩენა სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავს. ასე გამოვიდა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ერთად განვიხილოთ”, – განაცხადა ალასანიამ.
მარკ ფეიგინის კითხვაზე, იცოდა და ხვდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რა ელოდებოდა, გიული ალასანია პასუხობს, რომ ალბათ ხვდებოდა.
„ვფიქრობ, ხვდებოდა. მოწამვლის თემაც, ვფიქრობ, ესეც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ზუსტად არ ვიცი. მე არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ის, როცა ბრუნდებოდა ან რისი იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაზე უარეს სცენარს ვადევნებთ თვალს, ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ის დაემართა. დღეს 194 სანტიმეტრი სიმაღლის პირობებში 64 კილოგრამს იწონის, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ნანობს თუ რა ამას, ჩვენ ამაზე ძალიან ცოტას ვსაუბრობთ. მე თავად ამ თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, მაგრამ რატომღაც ამაზე არასდროს არ უნდა საუბარი. ეს რთული საკითხია. ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა. ამაშია საქმე. როგორ განვითარდება მოვლენები, შევძლებთ თუ არ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუ ამას შევძლებთ, მაშინ ეს ყველაფერი გამართლებული იქნება, რადგან მის ჩამოსვლასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება შესამჩნევად გამოცოცხლდა”, – განაცხადა ალასანიამ.