დაზარალებულის, ან ჩვეულებრივი მოქალაქის განცხადებას, რომელსაც სურს პოლიციას დახმარებისათვის მიმართოს, შსს უწყება მხოლოდ პოლიციის უფროსის თანხმობის შემთხვევაში არეგისტრირებს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” რამდენიმე დაზარალებულმა აცნობა, რომლებმაც პოლიციას დახმარებისათვის მიმართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაზარალებული მოსახლეობიდან განცხადებების მიღება შეჩერებულია და დაზარალებულების განცხადებას პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ არეგისტრირებს , როცა უწყების ადგილობრივი ხელმძღვანელობა მისი გაცნობის შემდეგ ნებართვას გასცემს.
ეს ტენდენცია რედაქციას პოლიციაში არაოფიციალურად დაუდასტურეს და განმარტეს, რომ ის სტატისტიკური მაჩვენებლების გაუარესების წინააღმედგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია.
ბოლო პერიოდში გურიაში კრიმინოგენური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფლებში, სადაც ხშირია როგორც წვრილფეხა, ასევე მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები.
ასევე ხშირია, შინაური ფრინველების – ქათმის, ინდაურის, იხვისა და ბატის ქურდობები.
პოლიციას არ სურს მსგავსი ფაქტების დარეგისტრირება, რადგან ერთის მხრივ ვერ ახერხებენ საქმეების გამოძიებასა და გახსნას, მეორეს მხრივ კი ჩქმალავენ იმ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებას რაც გურიის მხარეშია.