საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, წესით, უკრაინის პირველი გულშემატკივარი უნდა ყოფილიყო საერთო ოკუპანტის წინააღმდეგ ომში, ბრძოლების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც თითქმის არასდროს საუბრობს კიევის სამხედრო წარმატებებზე და კვლავ რუსეთის უძლეველობის მითის განვითარებას უწყობს ხელს.
ბოლო დროს ხელისუფლებამ სპეციალური ტერმინი — „უკრაინიზაცია“ – შემოიღო „კატასტროფის“ აღსაწერად, რომელიც შეიძლება ქვეყანას ომმა მოუტანოს. ამ კონტექსტში „ქართული ოცნება“ გამოკვეთს არა — რუსეთის, როგორც აგრესორის როლს, არამედ აქცენტს აკეთებს უკრაინის აოხრებაზე.
რას ემსახურება „ოცნების“ ავისმომასწავებელი რიტორიკა უკრაინის მიმართ? – არსებობს ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ჩატარებული სოციოლოგიური ექსპერიმენტი, რომელიც შესაძლოა ხსნიდეს, თუ რატომ ურჩევნია „ოცნებას“ უკრაინის სამხედრო წარმატებებზე მეტად ზარალაზე საუბარი.
„უკრაინიზაცია“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე და აქცენტი უკრაინული მხარის ზარალზე გააკეთა.
„უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი — 20% არის ოკუპირებული, 100 000-ზე მეტი გარდაცვლილი. დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქალაქები, სოფლები, რაიონები. განადგურებულია საჯარო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები. ექსპერტების დათვლით, ზარალი შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაქცეულია პოლიგონად. 15-დან 20 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. ეს არის ტრაგედია და ამ სიტუაციას სჭირდება ყოველდღიური გაანალიზება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს წინაშე არსებული რეალური საფრთხეა ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა და „მეორე პოლიგონის“ გახსნა.
ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს თავის ნარატივს, რომელიც ჯერ კიდევ ომის დაწყების მეორე დღეს გაახმიანა — რომ თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განავრცო, თუ რას ნიშნავს ტერმინი „უკრაინიზაცია“.
„2,5-ჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი მას შემდეგ, რაც შარშან დაიწყო ომი; მოსახლეობის ნახევარი — დაახლოებით 20 მილიონი არის ან ლტოლვილი, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შარშან ჰქონდათ 35%-იანი ეკონომიკური ვარდნა, რაც არის კატასტროფა. რაც ჩვენ გვქონდა 90-იანი წლების დასაწყისში, იყო ზუსტად ეს მაჩვენებელი. ინფრასტრუქტურა განადგურებული, 100 000-ზე მეტი დაღუპული, 500 მარტო ბავშვი არის დაღუპული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის აღმოფხვრამ უკრაინაში გადაიწია 15 წლით“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ცინიკურია ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები, რომ უკრაინა 2050 წლამდე გახდება ევროკავშირის წევრი.
„ეს არის უკრაინიზაცია და ეს უნდა ავაცილოთ ჩვენ ქვეყანას“, — თქვა მან.