ვართ თუ არა ქართველები ქსენოფობები

დღეს საქართველოში, უკრაინა-რუსეთის ომის დაძაბულ ფონზე, მღელვარებას იწვევს უკიდეგანო მიგრაცია რუსეთის ფედერაციიდან, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს სავიზო რეჟიმის შემოღებას, იგივე გააკეთა ბალტიისპირეთის მოძმე სახელმწიფოებმა და არა მხოლოდ მათ, რეგიონის და მსოფლიოს უმეტესმა ნაწილმა. ღელავენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩვენს სახელმწიფოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებიც. ყველას ესმის, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ უკონტროლო მიგრაციამ სახელმწიფოდან, რომლის მიერ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ახლაც მუდმივი ოკუპაციის პირობებშია. ჩვენ არ ვართ უკრაინასავით ცხელი კერა, მაგრამ ჩვენ რფ-სთან სამხედრო კონფლიქტის პირობებში ვიმყოფებით, რომელიც დაიწყო 1992 წელს აფხაზეთში, გაგრძელდა 2008 წ. სამაჩაბლოში, იგივე ცხინვალის რეგიონში (და არა სამხრეთ ოსეთში, როგორც მას უწოდებენ, რაც არასწორია) და გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით დღემდე. 

მართლაც, დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრები და მითქმა-მოთქმა არ წყდება, ზოგი ამბობს, რომ უძრავ ქონებას ყიდულობენ და მალე ჩვენზე მეტი იქნებიან, რაც ნამდვილად სახიფათოა ასეთი მცირერიცხოვანი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვყავს ეკონომიკური მიგრანტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან გაედინებიან და მოედნენ მთელს მსოფლიოს და ამ ფონზე, როდესაც საქართველო ეთნიკური ქართველებისგან იცლება, ის ივსება რუსეთიდან შემოდინებული მოსახლეობით. 

რასაკვირველია, ჩვენ გვესმის, რომ ყველა ერში არის ცუდიც და კარგიც და რომ ამ მიგრანტთა დიდი ნაწილი, ცხადია გამოექცა რეჟიმს, რომელსაც არ ეთანხმება, ჩვენ ვუთანაგრძნობთ მათ. გვესმის, რომ პირტიტველა ბიჭები, რომლებიც მოედვნენ ჩვენს ქუჩებს, გაურბიან ჯარს და უსამართლო ომს, რომელიც კლავს და ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში. ქართველი ბუნებით არ არის ქსენოფობი, ქართველი ბუნებით ტოლერანტია, ამას მოწმობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მოსახლეობის მრავალეთნიკურობა. მაგრამ, ვიცით რა რუსეთის იმპერიალისტური აზროვნების და სხვისი მიწების მიტაცების უსაზღვრო და უკონტროლო მადის შესახებ, დღეს ჩვენ თავს ვერ ვგრძნობთ დაცულად ჩვენს ქვეყანაში. 

ქსენოფობია (ბერძნ. ξενοφοβία – „უცხოს შიში“, — ξένος ქსენოს – „უცხო“ და φόβος ფობოს – „შიში“) ნიშნავს უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიშს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ზოგჯერ ცრუს და ზოგჯერ ნამდვილს, რომ განხილვის ობიექტი, რაღაცით უცხოა, ან რაიმე ნიშნით განსხვავებულია. ქსენოფობია ადამიანებს უბიძგებს გაუმართლებელი და დესტრუქციული ქმედებებისკენ, რაც ხშირად დისკრიმინაციის საფუძველი ხდება. დისკრიმინაცია (discrimination) ქართულად ჩაგვრას ნიშნავს და ასევე არაეთიკური და მიუღებელია მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების თანამედროვე ეტაპზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ყოველგვარი ჩაგვრის აღმოფხვრას ემსახურება. 

ტერმინი ქსენოფობია საერთაშორისოა და ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ პირთა მიმართ შიშით გამოწვეული სიძულვილის გამოსახატავად, მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. არსებობს ქსენოფობიის სხვა ფორმებიც, როგორიც არის ჰომოფობია, რომელიც გულისხმობს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირთა მიუღებლობას, ამ ნიადაგზე მათ დევნას და ძალადობას, რომელსაც მიმართავენ რელიგიური, ეთიკური და სხვა მოტივებით შენიღბული ქსენოფობები. ქსენოფობიის ნიადაგზე წარმოქმნილი დისკრიმინაციის და მასობრივი ძალადობის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება თუნდაც მეორე მსოფლიო ომში ებრაელთა მიმართ ჩადენილი დანაშაული. ეს იყო სიძულვილის ნიადაგზე დამყარებული სისხლისღვრა და განუკითხაობა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა. ასევე თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება ფერადკანიანთა ჩაგვრა, რომელსაც ასევე არაერთი ძალადობა და სისხლიანი მსხვერპლი მოჰყვა გასული საუკუნის დასაწყისში აშშ–ში. ასევე შეიძლება გავიხსენოთ ჯვაროსნული ომები, ინკვიზიცია, და ა.შ., რომლებიც ქრისტეს და რჯულის სახელით იქნა ჩადენილი. ყველა ეს დანაშაული ქსენოფობების მიერ „მართლდებოდა“ ვითომდა ეთიკური ნორმების დაცვის მოტივაციით. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით რას ქადაგებს ქრისტეს მოძღვრება, რომლის დედააზრი ჩამოყალიბებულია 10 მცნებაში, ხოლო კრედოდ მიჩნეულია – მიმტევებლობა, შემწყნარებლობა და სიყვარული, არა მხოლოდ მოყვასის, არამედ მტრების მიმართაც კი. „შეიძულე ცოდვა და შეიყვარე ცოდვილი“ – არის მიდგომა ქრისტიანული სწავლებიდან, „არ განიკითხო და არ იქნები განკითხული“ – გვასწავლის მართლმადიდებლობა ქრისტეს ქადაგებებიდან. 

დღეს, ყველა შესანიშნავად აცნობიერებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან მიგრანტებს ბევრი პროვოკატორი და აგენტი შეიძლება შემოყვეს. ეს არის სწორედ მღელვარების ძირითადი მოტივი საქართველოში. ამიტომ, უპრიანი იქნებოდა, რომ ჩვენ კი არ გვამუნათებდეს ჩვენი ხელისუფლება ქსენოფობები ხართო, არამედ გვიცავდეს. კერძოდ, სპეც სამსახურები უნდა იყვნენ ამით აქტიურად დაკავებული, არკვევდნენ ვინ ვინ არის და რას აკეთებს ქვეყანაში. მიგრაციის კონტროლის მექანიზმები უნდა დაინერგოს სახელმწიფოში, კონტროლდებოდეს ვინ შემოდის და რისთვის. 

ცხადია, ყოველივე ეს უნდა აინტერესებდეს ხელისუფლებას, პირველ ყოვლისა. მისი ინტერესების სფეროში უნდა ხვდებოდეს ეს და არა ქიშპი საკუთარ მოსახლეობასთან, მუდმივი კამათი მას-მედიასთან და დაპირისპირება ოპოზიციასთან. ამაშია სწორედ ჩვენი უბედურება, ხელისუფალთ არ ახსოვთ ხოლმე, რა არის მათი მისია – ქვეყნის და მისი მოსახლეობის დაცვა, რისთვისაც აირჩია (თუკი აირჩია) ხალხმა, ვისი დაქირავებულებიც არიან. ეს დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია და შესანიშნავად ესმით დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც არის კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ბელგია და დასავლური ცივილიზაციის სხვა წარმომადგენლები. 

ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ხელისუფალი, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს ის, არ გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ ხალხის სამსახურშია და არ არის უპირობო მმართველი, ანუ ხელმწიფე, რომ მას მიანდეს ქვეყნის მოვლა-პატრონობა და ეს პრივილეგიასთან ერთად მისი მოვალეობაა, რომ ეს საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა – არაფერი არ გვეშველება! 

intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share