“ქართული ოცნების” წევრის, არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, ევროპარლამენტარი ვიოლა კრამონი საქართველოში მხარს უჭერს იმას, რასაც საკუთარ ქვეყანასა და ევროკავშირში არასდროს დაუჭერდა მხარს.
როგორც მან “იმედის” ეთერში თქვა, კრამონის როგორც გერმანელი პოლიტიკოსის განცხადებები, წინააღმდეგობაში მოდის გერმანიის კანცლერის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან.
“ჩვენ არავისთან ოპონირების პრობლემა არ გვაქვს. არაერთხელ შევხვედრივართ წინა წლებშიც ქალბატონ კრამონს და რაზეც ის გვაკრიტიკებს, სრული არგუმენტაცია მას ამაზე მიღებული აქვს. სხვათა შორის, არ მახსოვს, რომ მას რაიმე არსებითი კონტრარგუმენტი მოეყვანოს. მაშინ, როდესაც გერმანიის კანცლერი შოლცი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი აკეთებენ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებს და ამბობენ, რომ არ შეიძლება სტატუსის მინიჭების დაყოვნება და ეს იქნება დამაზიანებელი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ინტერესებისთვისაც, ამ დროს თბილისში ჩამოსულია გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი, რომელიც აკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის იგივე გერმანიის კანცლერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან. ამას რომ თავი დავანებოთ, ქალბატონი კრამონი საქართველოში მხარს უჭერს იმას, რასაც საკუთარ ქვეყანასა და ევროკავშირში არასდროს დაუჭერდა მხარს. ხომ წარმოუდგენელია, რომ ქალბატონი კრამონი გამოვიდეს გერმანიის პარლამენტში, ან ევროპარლამენტში და თქვას, რომ ადამიანებისთვის ცეცხლის წაკიდება, პარლამენტის დაწვა და გადასახადების გადამხდელების მიერ შეძენილი ქონების განადგურება არის ნორმალური და ადამიანები ვინც ამას აკეთებენ, პასუხისგებაში არ უნდა მიეცესო. ამას არაფრისდიდებით არ გააკეთებს ევროპაში. გამოდის, რომ საქართველოში უჭერს მხარს იმას, რაც მიაჩნია თავის ქვეყანასა და ევროკავშირში მიუღებლად. ეს სულისკვეთება არ არის თავსებადი საქართველოს ევროპულ გზასთან.
იმის მაგივრად, რომ ქალბატონი ვიოლა ჩართული იყოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან დისკუსიაში, რეფორმებზე გააკეთოს შეფასებები, ამის ნაცვლად ჩამოსულია და აფიქსირებს მხარდაჭერას რადიკალური ძალების მიმართ. როგორც მინიმუმ მისი განცხადებები და აქტივობა საქართველოში ჩვენი საზოგადოებისთვის არის დამაბნეველი და არსებობს კითხვის ნიშნები, რამდენად ეხმარება ეს საქართველოს ევროინტეგრაციას. მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ უფრო ღიად და ხისტად შევაფასო მისი განცხადებები. ეს განცხადებები არანაირად არ ემსახურება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მისაღწევ თუ მიღწეული პროგრესის მხარდაჭერას, უკარგავს ნდობას ჩვენს საზოგადოებას მის მიმართ პიროვნულად და ახდენს ევროპული იდეის დისკრედიტაციას, რადგან ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რომ ევროპა არ არის ორმაგი სტანდარტები, კარგად იციან, რომ ევროპაში დანაშაულის ჩამდენ პირებს არ აფასებენ იმის მიხედვით, თუ ვისთან მეგობრობ, როგორ აცვია და ა.შ., არამედ კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. როდესაც ამ ჭრილში განიხილავენ ამ კონკრეტულ დანაშაულს, სწორედ ეს არის სამარცხვინო და სწორედ ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს” – თქვა მან.
ევროპარლამენტარი საქართველოში 1 აპრილს ჩამოვიდა. მან ჰაინრიხ ბიოლოს ფონდში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარდა ამისა, კრამონი კანცელარიასთან 21 წლის დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა.