ნაკაიძეთა (ნაკაშიძეთა) საგვარეულო

ნაკაიძეთა საგვარეულო ნაკაშიძეთა წიაღში ამოიწვერა გვიან შუა საუკუნეებში. ნაკაშიძეთა საგვარეულოს ,,ძირი ბუდე,, ჯერ კიდევ საძიებელია. ადრე ეს საგვარეულო ,,ნაკანი,, -ს ფორმით იწოდებოდა, შუა საუკუნეების შუა ხანებში ,,ნაკაში,,-ს სახით და მხოლოდ გვიან შუასაუკუნეთა შუახანებში გარდაიქმნა ,,ნაკაშიძე,,-დ. ამ სახელის ერთი შტო გვიან-შუასაუკუნეთა პირველ საუკუნეებში შუა გურიას სახელდება (გურიანთის თემი) და ძალიან დიდ წარმატებას აღწევს, მისი ერთი შტოს წარმომადგენელი თავადი ხდება. ეს პროცესი XII საუკუნეში სრულდება.
თავადი ნაკაშიძე თანდათან იუცხოვებს თავის ადრინდელ სახლიშვილებს და ნაცვლად იმისა, რომ თვით შეიცვალოს გვარი, როგორც ეს სააკაძეთა გათავადებისას (თარხნიშვილი) მოხდა, ძველ სახლიკაცებს აიძულებს, გვარსახელი მათ შეიცვალონ და ამ ნიადაგზე იბადება ახალი საგვარეულო სახელი ,,ნაკაიძე,,, რომელიც მხოლოდ ერთი ასოს (-შ) ამოგდებით განსხვავდება პირველისაგან. როდის მოხდა ეს, ჯერ შესწავლილი არ არის. წინასწარულად თუ ვივარაუდებთ, იგი XVII საუკუნის უადრესსაა საგუვებელი.
ნაკაიძეები თავად ნაკაშიძეთა სათავადო სახლის აზნაურები ხდებიან და საამისო ვალდებულებასაც კისრულობენ. დრო თანდათან მძიმდება და ნაკაიძეთა აზნაურული სახლიც ამის შესაფერისად იშლება. ამ სახლის ერთი ნაწილი, რომელიც სააზნაურო რიგის შესრულებას ვერ ახერხებს, იძულებულია გამოეთხოვოს აზნაურობას და ყმა-გლეხთა სხვადასხვა ფენებში განაწილდეს. XVII საუკუნეში ეს პროცესიც დასრულებულია. ამავე დროს აზნაურთა სახლი ყმა-გლეხთა სახლთან გვარ-სახელის ერთობას უხერხულობს, მაგრამ შეცვლას მაინც ვერ ახერხებს. და ეს არა მარტო ნაკაიძეთა სისუსტეს მოწმობს, არამედ ასეა, საერთოდ, გურიის მთელ სამთავროშიც.
აზნაური ნაკაშიძეები გვიან შუა საუკუნეებში თავად თავდგირიძეთა სახლსაც ემსახურებიან. ისინი მეტწილად გელაურა-ხუცუბნის სექტორში სხედან. როდის და რა გზით მოხვდნენ ისინი ქვემო გურიას, დღესდღეობით გამოკვლეული არ არის და კარგა ხანია თავის მკვლევარს ელოდება. ილ. მაისურაძე შუა გურიას ამ გვარის სამკვიდროდ ნატანებს ასახელებს მხოლოდ და იქვე მიუთითებს, რომ ამავე გვარეულობით დასახლებული სოფელია ქობულეთის რაიონშიც (მისი ,,ქართული გვარსახელები,, 1981. გვ. 121.). სამწუხაროდ,რა ეწოდება ამ სოფელს მკვლევარი არ ასახელებს. ჯერ ამ სახელის არც ,,ძირი ბუდე,, დაუდგენია ვისმე და არც ,,ძირი ხატი,,. რადგან ნაკაიძეები მხედართა წოდებას განეკუთვნებოდნენ, ამიტომ მათ ,,ძირ ხატად,, წმინდა გიორგის
ხატი აღიქმება. ნაკასძე _ იხსენიება შავშეთის თემ მიქირიონს. ეს ნაკასძე ნიკოლოზია (ტბეთის სულთა მატიანე, 1977, გვ. 100) ნაკასძე ჯერ კიდევ არაა სრული გვარი. ეს არის გარდამავალი სახის სახელიდან (ნაკა) გვარზე (ნაკაძე).
გამოჩენილი ნაკაიძეები: ბეჟან ნაკაიძე – საქართველოს დამსახურებული არტისტი; ხუსეინ ნაკაიძე – აჭარის განათლების სახალხო კომისარი (1932-1934), აჭარის ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი (1934-1935), ბათომის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორი;
ირაკლი ნაკაიძე (ხუსეინის ძმა) – აჭარის განათლების მინისტრი (1946-1949). ბათომის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და დეკანი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი; ლიანა ირაკლის ასული ნაკიძე – ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის უნივერდიტეტის დოცენტი.
ნაკაიძეების საგეოგრაფიო არე: შუა გურია, ქვემო გურია, ზემო აჭარა, შუახევისა (მაწვილთის საკრებულო) და ხულოს (ღორჯომი) რაიონები. შუა გურია: ნატანები ოზურგეთი. ქვემო გურია: ხუცუბანი, აქ ცალკე უბანსაც ეწოდება მათი სახელი.
გამოსაკვლევია საიდან მოხვდნენ მაწვილთასა და ღორჯომს. რამაზ სურმანიძე აზნაურებს რუსეთის საპატიო მოქალაქეებს უთანაბრებს. აზნაურთა ოჯახებში შეაქვს. აქ იხსენიება რამდენიმე ნაკაიძეც. პირველია ხასან ზაბითის ძე, ხუცუბნის მცხოვრები (კინტრიშის უბანი), შთამომავლების საპატიო მოქალაქე (თავადაზნაურობა და მათი ოჯახები ბათუმის უბანი), მაგრამ ეს ხომ ვაჭართა ფენიდან გახლდათ. ამავე წოდებისაა ოღლაურელი (გონიოს უბანი) ძმები, ხასან ნაკაიძის შვილები: ალი-აღა, ახმედაღა, მუსტაფა-აღა და რეჯებ ეფენდი (იქვე).
სვანური – ნაკანი შესწავლის ისტორია: ილ. მაისურაძე, იოსებ ბექირიშვილი, რამაზ სურმანიძე.
.
იური სიხარულიძე. ალიონი #43 (10082) 10 ნოემბერი 2014 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share