შალვა რამიშვილის შვილი, ლაშა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც დაკავებულ აქტივისტს ლაზარე გრიგორიადისს და იმ ქალებს უცხადებს სოლიდარობას, ვინც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.
წერილი სრულად:
“ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთვის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც.
ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ.
მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი.
რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე, ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება…
რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან.
მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა. ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი.
ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს „ჩმორები“ გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ. ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას.
მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს.
მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა. მინდა დავგმო მათ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია, რითაც ახლა უკვე საჯაროდ მეორდება ძალაუფლების გამოყენებით მათზე მანიპულაცია.
მახსოვს მისი უპატივცემულო დამოკიდებულება და სრული უმადურობა დედაჩემის მიმართ და ვიცი, რომ ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს.
ჩემს თანადგომას ვუცხადებ ლაზარეს, რომელსაც შეგნებულად უპირებენ ციხეში გამომწყვდევას. დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ.
ქართული ოცნება ყოფილი დამნაშავე რეჟიმის მტრის ხატად გამოყვანით ინარჩუნებს საარჩევნო ხმებს, რითაც ხელოვნურად აცოცხლებს ისედაც მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას და ამით ცდილობს ქვეყნის რეალური მტრიდან ჩვენი ყურადღების არიდებას.
სინამდვილეში მთავრობაში მყოფ კაცებს, არც პატრიოტული მიზნები აინტერესებთ და არც გაჭირვებული ხალხის ბედი. ისინი არიან „ბასლაინებზე“ მოსიარულე, რეალობას აცდენილი ინდივიდები.
მე ვაცნობიერებ მთელ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს ამ საჯარო წერილს სავარაუდოდ შეიძლება მოჰყვეს გარკვეული ხმაური. მივმართავ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ მედიებს, რომ ეს წერილი არ გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისა და უღირსი მანიპულაციის იარაღად.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს წერილი ემსახურება შალვას მსხვერპლებისადმი, მათ შორის ჩემი ოჯახის მიმართ თანადგომას.“ – წერს ლაშა რამიშვილი.
გასულ კვირებში POSTV-ის ტელეწამყვანი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. მათ შორის პირველი იყო ჟურნალისტი მაკო ჯაბუა, რომელმაც რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროების შესახებ ინფორმაცია 21 მარტს გაავრცელა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
25 მარტს შაბათის ფორმულამ მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, რომელიც POSTV-ის ხელმძღვანელის, ქართული ოცნების პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის და საქმიან შეხვედრაზე მისული 22 წლის ქალის გასაუბრებას ასახავს. აუდიომასალაში ისმის რა მეთოდებით არჩევს რამიშვილი თანამშრომლებს და რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასთან გასაუბრებაზე მივიდა.
შაბათის ფორმულამ 1-ლ აპრილს POSTV-ის ხელმძღვანელისა და ხელისუფლების პროპაგანდისტის მორიგი აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ის 22 წლის ქალს ანანია გაჩეჩილაძეს სექსუალურად ავიწროებს.
ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს – ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად “ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.”
26 მარტს POSTV-ის მხრიდან მორიგი ბრალდებების შემდეგ სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.
31 მარტს თათია სამხარაძემ POSTV-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და თანამშრომლის, ნათია ბერიძის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება.