აშშ-ის სასამართლოს სარჩელს წარვუდგენ, სადავოდ ვხდი ჩემი სანქცირების გადაწყვეტილებას – შენგელია

სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია ამბობს, რომ იწყებს “აქტიურ მოქმედებებს”, რომ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართოს და სადაო გახადოს მისი სანქცირების საკითხი. შენგელიას თქმით, არ აპირებს კორუმპირებულის იარლიყს შეეგუოს.

მისივე მტკიცებით, მისთვის ამერიკის ვიზა არაა მთავარი და შეიძლება შტატებში აღარასდროს გაემგზავროს.

“მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ – მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, – წერს შენგელია.

ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, ასევე მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აკერძალათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share