არ მჯერა, რომ ისისი აღიარებენ საკუთარ დანაშაულს – პრეზიდენტის საახალწლო შეხვედრიდან გამოსული ირაკლი კობახიძე ოპოზიციას კვლავ თავს ესხმის. ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოსაზრებით, ხელისუფლების ოპონენტებმა პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობა დღევანმდელ ღონისძიებაზე არმისვლით დაადასტურეს.
ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის მესიჯბოქს კვლავ იმეორებს და აცხადებს, რომ ეროვნული შერიგების მთავარი წინაპირობა წარსულის შეფასებაა და პოლარიზაციის დასრულება არ მოხდება, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულს არ აღიარებენ.
მე არ მჯერა, რომ ისინი აღიარებენ საკუთარ დანაშაულებებს. ამის მორიგი ნიშანი იყო, რომ ისინი არ მოვიდნენ დღეს პრეზიდენტის სასახლეში. ადამიანები, რომლებიც დღემდე სააკაშვილს მესამე პრეზიდენტს უწოდებენ და ამ კლიშეს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს. ეს არის, ბუნებრივია, ყველაფერზე მეტყველი და ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესების მიმართ და საკუთარი დანაშაულებების მიმართ.
როცა საუბარი ეხება ყოფილი რეჟიმის შეფასებას, ეს შეიძლება, მოხდეს სხვადასხვა ფორმით. ამაზე არ ყოფილა დღევანდელ ფორმატში მსჯელობა. მთავარი წინაპირობა არის სამართლიანობა, თუ არ იქნება სამართლიანობა, ეროვნული შერიგება არ მოხდება. აქ წარსული კი არ არის მთავარი, მთავარია მომავალი. თუ არ შეფასდა წარსული, ეს პრობლემას უქმნის მომავალს. ეს მთავარი ამოსავალი წერტილია – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.