პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის განმარტებით, კანონპროექტი წარმოადგენს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ საფეხურზე სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოშობის პრევენცია.
ასევე ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის მიწოდების წახალისება და უვნებელ სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; უპირატესად, ღარიბი, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვებისადმი მოწყვლადი ჯგუფების საკმარისი და სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
ხატია წილოსანის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზანია, მოწყვლად ჯგუფებს ჰქონდეთ უსასყიდლო წვდომა დაბალი რისკის სურსათზე, როგორიცაა: ბურღულეული, ჩაი, შაქარი და სხვა, რომელსაც შეფუთვაზე ვარგისიანობის ვადა მითითებული აქვს, მაგრამ ამ ვადის შემდეგაც ვარგისია გამოყენებისთვის.
მისივე თქმით, აქამდე არსებული კანონმდებლობით ბიზნესს, საგადასახადო ვალდებულებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა ამგვარი ქველმოქმედების შესაძლებლობა, სწორედ ამ საკითხების დარეგულირებას შეუწყობს ხელს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სურსათის შეწირულობა ბიზნესისთვის ფისკალურად არახელსაყრელია და სუპერმარკეტები ზედმეტი საკვების გაცემაზე უარს ამბობენ, რადგან შემოწირული საკვები დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%) იბეგრება. ცვლილება სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების სფეროში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს.
კერძოდ, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (ჩათვლის უფლებით).