დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს სექციის მწვრთნელებმა ირაკლი ტუღუშმა ( შავი ქამარი 6 დანი ) და გიორგი ბერიძემ , ( შავი ქამარი 3 დანი) მოსწავლეებთან ერთად ტაეკვანდოს ოფიციალურად დაფუძნების დღე ფესტივალით აღნიშნეს.
საწვრთნელ – სანახაობრივ ვარჯიშს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, მოადგილეები გიორგი კალანდაძე და გოგიტა დოლიძე, ასევე სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ მელუა დაესწრნენ.
პატარა სპორტსმენები სანამ ერთმანეთს გაეჯიბრებოდნენ და საინტერესო ორთაბრძოლებს წარმოგვიდგენდნენ, მათ სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელი და მოადგილეები მიესალმნენ, სამომავლოდ წარმატებები და ღირსეული მეტოქეობა უსურვეს.
ირაკლი ტუღუშმა სპორტული ღონისძიების დაწყებამდე დამსწრეთ და ბავშვებს ტაეკვანდოს დაარსების ისტორია შეახსენა, რომელიც 1955 წ. 11 აპრილით თარიღდება და სამხრეთ კორეელ გენერალს ჩოი ხონგ ხის უკავშირდება.
სანახაობა მეტად საინტერესო, დაძაბული და აზარტული გამოდგა.
ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებს სიგელები მედლები და თასები გადაეცათ.
ფესტივალის ბოლოს , რომელიც წელს მოკრძალებულად ჩატარდა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მას ტრადიციული სახე მიეცემა, მასშტაბებს შეიძენს და ყოველ წელს გაიმართება.