„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა აბსურდზეა დაფუძნებული.
„ქოცური პროპაგანდა არც ისე პრიმიტიულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის კია დაფუძნებული აბსურდზე, მაგრამ სანამ ამ აბსურდამდე დახვალ, მანამდე არაერთი შრეა გასავლელი.
მაგალითად ავიღოთ საგამოძიებო კომისიის ამბავი. თითქოსდა ოცნებისთვის უკიდურესად წამგებიანია გირგვლიანის საქმის მოსამართლეზე ასე თავგამოდება, მაგრამ თავის ამომრჩეველს ისინი იმას კი არ ეუბნებიან, მურუსიძე და ჩიჩალაძე კაი ტიპები არიანო, არამედ სულ სხვა მხრიდან პოზიციონირებენ.
კერძოდ, კომისიის შექმნა მათი მესიჯბოქსით არის ამერიკის ზეწოლა, რომელსაც უნდა ქართული სასამართლოს ხელში ჩაგდება და ესენი პატრიოტულ პონტში არ ნებდებიან. “ახლა გაახსენდათ მურუსიძე? იმ ცხრაწელში სად იყვნენ” და ა.შ. მოკლედ მათ პროპაგანდაში დისკრედიტირებული მოსამართლეები ამერიკისთვის მხოლოდ საბაბია სასამართლოს ხელში ჩასაგდებად.
და სასამართლოს ხელში ჩაგდება რად უნდათ? იმად, რომ მიშა გამოუშვან.
და მიშას გამოშვება რად უნდათ? იმად, რომ ომში ჩაგვითრიონ რუსეთთან.
და ჩვენი ომში ჩათრევა რად უნდათ? იმად, რომ რუსეთი დაასუსტონ საქართველოს ხარჯზე, რადგან ამისთვის მარტო უკრაინა არ ყოფნით
და თუ რუსეთი დაგვიპყრობს (ასე რომ მოხდება ომის შემთხვევაში, ამას ქოცები არ უარყოფენ), ამით რუსეთის პოზიციები ხომ დასუსტების ნაცვლად გაძლიერდება და რაში აწყობს ეს ამერიკასო თუ ჰკითხავ, აი მაქ ეხვნებათ სევდიანი ნაპირები, რადგან ამაზე პასუხი არა აქვთ და ამბობენ, რომ ამერიკას ეს არ აწყობს, მაგრამ არ იცის ამდენი.
მოკლედ, კობახიძემ იცის, მდინარაძემ იცის, ყაველაშვილმაც კი იცის, ოღონდ თავად ამერიკა აზრზე არაა რა აწყობს მას და რა არა. თან რომ არც უჯერებს ამ ხალხს?
აი, აქამდე თუ მოიყვან ქოცს, მაშინ ცოტა შეიძლება შეერყეს წარმოდგენები, ისიც ცოტა და ცოტას. უმრავლესობას კი გამოსარჩლებად ისიც ყოფნის, რომ რახან ბატონ ბიძინას ასე უნდა, ეტყობა ასეა საჭირო“, – წერს ზურაბიშვილი.