მკითხველის მაგიდა – “რას ვეტყოდი  ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს”

უპირველესად, ქართველი ხალხის სახელით, გისურვებთ წარმატებებს თქვენს უკეთილშობილეს საქმიანობაში და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.

არ ვიცი, ჩემი მდგომარეობიდან რამდენად მართებულია მსგავსი `მწერლობა~, მაგრამ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, უნდა გაგვიგოთ და გვაპატიოთ.

ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ!

მრცხვენია და მტკივა, რომ ჩემი ქვეყანა აღმოჩნდა ასეთ ალოგიკურ და უღირს მდგომარეობაში, _ მდგომარეობაში, როცა ქვეყნის მოსახლეობას მხრების აჩეჩვის მეტი არაფერი დარჩენია იმაზე ფიქრით თუ საიდან მოდის, რაზე დგას და რას ეყრდნობა ხელისუფლების ამოდენა თავხედობა (სხვა რომ არაფერი, მარტო არაფორმალური მმართველობა რად ღირს?!)

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია საკუთარი ქვეყნის წარუმატებლობის ამ დონეზე გამოტანა, მაგრამ როდის უნდა გააკეთოს ეს ადამიანმა თუ არა 80 წლის ასაკში?! თანაც, როცა ამოდენა სიმახინჯე მთელი მსოფლიოსათვის ნათელხილულია, რომ საუკუნეების მანძილზე ქვეყანაში, ერთი დღეც არ ყოფილა საყოველთაო კეთილდღეობის მსგავსი რამ, მეტიც, თუ ოდესმე ვაჩვენებდით წარმატებებს, ეს იყო მოჩვენებითი, ველური ქურდობისა და კორუფციის შედეგად.

მქონდა `პატივი~ 50 წელი (ანუ მთელი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლები ვყოფილიყავი საბჭოთა მოქალაქე. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიოს დაანახვა, როგორ შეიძლება, თავისი ხალხის მონური შრომის შედეგად, აღადგინო მსოფლიო ომში მიწის ზედაპირთან გასწორებული 1710 ქალაქი თავისი ინფრასტრუქტურით, მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, ახალი შეიარაღებით, მათ შორის ბირთვული იარაღით და კოსმოსის ათვისებით (1961 წ), ანუ რაღაც 16 წლის განმავლობაში _ 1945-1961 წწ. მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა, პირიქით, დაიწყო ნგრევა, რაც გაგრძელდა 30 წელი, ანუ ნგრევა და ქურდობა.

ყოველივე ამას იმიტომ გახსენებთ, რომ ადვილად შეძლოთ შეფასება,თუ რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ.

თავისუფლების იმედი, რომელიც გამოჩნდა XX საუკუნის მიწურულში, როგორც სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაში, გამოდგა ყალბი. კომუნისტები რომ ხალხს ჩამოეგდო, მაშინ შესაძლებელია რაიმე საშველი დაგვდგომოდა, მაგრამ ეს მოხდა ზემოდან. რატომ? კომპარტიის უმაღლეს ეშელონებში იმოდენა სიმდიდრე დაგროვდა, მოინდომეს ცხოვრება ლამაზი კაპიტალიზმის პირობებში, რის უფლებას არ აძლევდა საკუთარი იდეოლოგია, რის გამო იძულებული გახდნენ, გამოეცხადებინათ თვითლიკვიდაცია, რის შედეგად თავისი გაისწორეს, ხოლო ხალხი აღმოჩნდა (ვინც გადარჩა) უარეს მდგომარეობაში,  ახალი ტერმინი რომ შემოვიღოთ, `კაპიტალისტურ ფეოდალიზმში~.

ბატონო პრეზიდენტო!

ყოველივე ზემოხსენებული ჩვენი ისტორიაა, სამარცხვინო, მაგრამ ისტორია, რომლის სწორად შეუფასებლობის შემთხვევაში განწირული ვიქნებით უარესობისთვის.

რუსი-ებრაელი მწერალი იგორ ბუნიჩი თავის ისტორიულ ნარკვევში `Золото партий~ წერს: `პოსტსაბჭოური სივრციდან გატანილია ტრილიონობით დოლარის ღირებულების ფასეულობები, მათ შორის 2 400 ტონა ოქრო~. და ეს მაშინ, როცა ამ სივრცეში ყოველდღე ასიათასობით ადამიანი შიმშილით, სიცივითა დ სამედიცინო დახმარების გარეშე იღუპებოდა, ანუ ეს ის დროა, როცა `აღმოცენდნენ~ ოლიგარქი-მილიარდერები. როგორ, რა გზით მოხდა ყოველივე ეს??? (იქ სპილო ვერ შევნიშნეო, მაგრამის ის ხომ იგავია)

შუა საუკუნეებში მოდაში იყო ყაჩაღობა, მაგრამ მაშინ არ იყო საერთაშორისო სამართალი თავისი დოქტრინებით, რომელთა ხელშეწყობის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა ათასობით ტონა ოქრო და სხვა განძეულობა მოხვდეს ერთი სახელმწიფოდან მეორეში, ანუ სწორად შედგენილი საბუთების გარეშე.

მახსენდება საოპერო ვარსკვლავის მონაყოლი პარიზიდან ლონდონში ძაღლის უსაბუთოდ წაყვანის თაობაზე…

ეს უკანასკნელი იმოდენა ყოფილა, რომ ნაცნობი აეროპორტის თანამშრომელთან საუბარში უთქვამს, `ჩამესვა ჩანთაში და წამეყვანა, ვერავინ შენიშნავდაო~. თანამშრომელს დაურიგებია, მსგავსი რამ არასდროს გააკეთო, ვინაიდან ბრიტანეთის სპეცსამსახურს ვერაფერს გამოაპარებ, ხოლო თვითმფრინავის ეკიპაჟს სამუდამოდ უმუშევარს დატოვებო.

ერთი შეხედვით, ეს ხომ ბრწყინვალე ეპიზოდია, მაგრამ როცა ვიცით, რომ ეს არ გავრცელდა რომან აბრამოვიჩზე,და მისნაირებზე რომლის მიერ მოპარული ასობით ტონა ოქრო ვერ შენიშნა ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა???

კარგია თუ მე ვცდები, მაგრამ რავუყოთ კითხვას, რომელიც ლოგიკურად ჩნდება: მაშინ საიდან და როგორ გაჩნდნენ  ამდენი ოლიგარქი-მილიარდერები???

თქვენო ბრწყინვალებავ!

ეჭვები, რომლებმაც მე შემიპყრეს, იმდენად ძლიერია, რომ დამაკარგვინეს როგორც მოთმინება, ისე ყოველგვარი სუბორდინაციის გრძნობა, რომ არ მომემართა თქვენთვის…

თქვენ ხედავთ, როგორი ხელისუფლებაცაა ქვეყნის სათავეში, რომელიც მაგუებს იმ აზრს, რომ მართლაც ფურთხის ღირსია ერი, რომელმაც თავისი ღირსეული არსებობისთვის საუკუნეების მანძილზე ვერ შეძლო რამენაირი დამცველი მექანიზმის შექმნა.

მაგრამ, ერს რომ თავი დავანებოთ, ევროპამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს სივრცე დარჩეს რუსეთს, რაც კატასტროფა იქნება ჩვენთვის და ნაკლებად სასიამოვნო თქვენთვის.

გიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას.

გრამიტო მამინაშვილი; ქალაქი ოზურგეთი;

07.08.22წ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share