”ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ ძალიან მაღალი პროფესიონალური განათლება და მერე უკვე ისწავლონ თავისუფალი აზროვნება, რომელიც, სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს. ქვეყანა შებოჭილია, თითქოს ერთ დიდ ჩარჩოში ზის.” – ასე ეხმაურება გოგი-ალექსი მესხიშვილი საქართველოში მარტში განვითარებულ მოვლენებს და ახალგაზრდების პროტესტეს:
”ეს ემოციური მომენტიც არის და პოლიტიკურიც. ამ ახალგაზრდებმა დაანახეს მსოფლიოს, რომ არ უნდათ რუსეთი და რუსული კანონი. არაფერი ამერიკული ამ კანონში არ არის. ვის ატყუებენ? იმ ახალგაზრდებთან ერთად იქ მეც ვიდექი. იცით, ამ მთავრობას რა მოუვიდა? ეს თაობა, ეს ახალგაზრდობა გამოტოვეს! საშუალო თაობა, რომლის უმეტესობა საჯარო სამსახურებშია დასაქმებული, ხმას ვერ იღებს, ეშინია ლუკმაპურის გარეშე არ დარჩეს, ახალგაზრდებს კი არაფრის ეშინიათ. და ყველაზე მთავარი – მათ საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ და არ იციან, რა არის შიში. ამ მთავრობამ, ძველთბილისურად რომ გითხრათ, ეს თაობა “გამაზა” და ახლა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ის 21 წლის მუსიკოსი ბიჭი რომ დაიჭირეს, გგონიათ ამით შეაშინებენ? თავიანთი მოკლე ჭკუით ფიქრობენ, სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ, რომ სხვებს შეეშინდეთო. საქმეც ეგ არის, რაც არ უნდა გაუკეთონ, ვერ შეაშინებენ.
მე ვირჩევ ევროპას, იმიტომ, რომ ის ჩემი ქვეყნის მომავალია; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ბედნიერი, მოწინავე და დაცული; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც იზრუნებს ხალხზე და პასუხს აგებს მის წინაშე; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ აღარ მყავდეს დიქტატორები და ბელადები; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ბედნიერი და წარმატებული მომავალი ჰქონდეს; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი ისევ საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდეს; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ბოლო 30-მა წელმა, და უფრო ადრეც, ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ერთადერთი გზაა ვიყოთ ევროპის განუყოფელი ნაწილი. და ბოლოს, მე ვირჩევ ევროპას იმიტომ, რომ საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც ყველასთვის იქნება სასურველი ცხოვრება.” – აცხადებს გოგი-ალექსი მესხიშვილი.
წყარო – კვირის პალიტრა