“მეორე ფრონტის” რიტორიკამ არ გაამართლა, “ხალხის ძალის” პროექტი ჩავარდა – რა იკითხება IRI-ის კვლევაში

ევროკავშირში გაწევრიანების „ისტორიულ მაქსიმუმამდე“ გაზრდილი მხარდაჭერა, ნატოს მომხრეთა რიცხვის ზრდა და „ქართული ოცნების“ შემცირებული რეიტინგი – “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ბოლო კვლევის შედეგები ამომრჩევლის ახალ კოლექტიურ პორტრეტს ხატავს.

ექსპერტებისთვის კვლევა ადასტურებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ბედს პროდასავლელი ამომრჩეველი გადაწყვეტს და საქართველოში ფეხს ვერ იკიდებს პრორუსული თუ ანტიდასავლური განწყობები.

ამავე დროს დიდი გამოწვევის წინაშე დგანან პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ძალებიც.

IRI-ს მიერ 2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის პოზიციებითა და განწყობებით, პოტენციური ამომრჩევლის ასეთ პორტრეტი იხატება:

  • მხარს უჭერს ევროკავშირში (89%) და ნატოში (80%) გაწევრიანებას;
  • თვლის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს მხოლოდ პროევროპული და პროდასავლური (50%);
  • ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს 60%;
  • თვლის, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკური (87%) და ეკონომიკური საფრთხე (76%) რუსეთიდან მოდის;
  • თვლის რომ ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკამ რეგრესი განიცადა (60%);
  • თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (62%);
  • ეთანხმება მოსაზრებას, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი საქართველოს დააახლოვებდა რუსეთთან (მტკიცედ ან ნაწილობრივ – 56%).
IRI-ის გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით. გამოიკითხა 18 წლისა და უფროსი ასაკის საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1500 მოქალაქე. საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა, ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციასთან (The Gallup)კოორდინაციით. შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. კვლევა ე. წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს დაემთხვა.

“მეორე ფრონტის” რიტორიკა ჩავარდა

„კვლევამ აჩვენა, რომ გაზრდილია სწრაფვა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარცხი განიცადა „ქართული ოცნების“ რიტორიკამ – [დასავლეთის ძალების მიერ] „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. არადა სულ ეს არ ისმოდა?! “, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომლიც, შესაბამისად, თვლის, რომ ჩავარდა მშვიდობის სახელით “ევროპისა და ამერიკის დისკრედიტაციის გეგმა“.

სოციოლოგი დიდწილად სწორედ ამავე კონტექსტში განიხილავს „ქართული ოცნების“ რეიტინგის 19%-მდე ვარდნასაც, რაც მისთვის (ხვალ რომ არჩევნები იყოს) ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებასაც ნიშნავს.

„19% არ არის მმართველი პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაციისთვის საჭირო შედეგი. შეუძლებელია ხელისუფლების წონა იყოს მეხუთედი და ის ჩაითვალოს ლეგიტიმურად… მესმის, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში [სრულად პროპორციული სისტემით] შესაძლოა [მანდატების] უმრავლესობაც მიიღოს, მაგრამ ეს ხომ არ იქნება მათი ამომრჩეველის მხარდამჭერა“, – ეუბნება კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას.

„ქართული ოცნების“ რეიტინგი, 2022 წლის მარტის შემდეგ, 31%-დან 19%-მდეა შემცირებული; 2022 წლის სექტემბრის კვლევით, ეს მაჩვენებელი 25% იყო.

გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის კურსი “პრორუსულია”, ხოლო კიდევ 20%-ის აზრით, იგი უფრო “პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური” (ჯამში – 45%).

გამოკითხულთა 17% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო კურსი პროდასავლურია; 21%-ის მოსაზრებით, უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული (ჯამში – 38%).

პოლიტილოგი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ „ოცნების“ რეიტინგის შემცირება დიდწილად პროდასავლელი ამომრჩევლების ხარჯზე მოხდა:

„მაგალითად, გამოკვლევამ დაადასტურა, რომ „აგენტების შესახებ კანონს“ [რომლის დამტკიცებასაც „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალასთან“ ერთად ცდილობდა] ამომრჩეველი სწორედ პრორუსულად მიიჩნევს… ასევე [გამოკითხულთა] თითქმის 80% რუსეთს მიიჩნევს ეკონომიკის მთავარ საფრთხედ, მაშინ როცა ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის განვითარებას“.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ სტრატეგიის შეცვლა მოუწევს და ასევე, „მოუწევს, დაარწმუნოს ხალხი, რომ ის არის პროდასავლური ძალა“, რადგან „წარუმატებელი აღმოჩნდა მისი მოკავშირე „ხალხის ძალის“ (1%) პროექტი“ და სახელისუფლებო პარტიას „რეალური სატელიტი“ არ ჰყავს.

  • გამოკითხულთა ყველაზე უდიდეს პოლიტიკურ (87%) და ეკონომიკურ (76%) საფრთხედ რუსეთს ასახელებს.
  • რუსეთთან შემდგომი დიალოგის მხარდამჭერების მაჩვენებელი (ჯამში – 53%) შემცირებულია გასულ წელთან (ჯამში – 59%) შედარებით.
  • 46% “მკვეთრად” ან “ნაწილობრივ” ეწინააღმდეგება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, ამასთან, თითქმის ნახევარი (48%) ამ აზრს “მკვეთრად” ან “ნაწილობრივ” ემხრობა.

IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, როგორც ყოველთვის, უნდობლობით უყურებს „ქართული ოცნება“.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, მუდმივად ცდილობენ წელიწადში რამდენიმეჯერ თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, 2024 წელს თუ იქნა არჩევნები, გარკვეული შანსები გამარჯვების გააჩნიათ [დავით] კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება [ლევან] ხაბეიშვილის, [გიორგი] ვაშაძის, [ელენე] ხოშტარიას, [ბადრი] ჯაფარიძის, [ვანო] მერაბიშვილისა და ასეთი სუბიექტებისაგან “.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების დაჯერება და მიღება გაუჭირდება „ქართული ოცნების“ ნებისმიერ მხარდამჭერს, რადგან ასეთი კვლევები „7- 8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით, სადაც „ქართულ ოცნებას“ უწინასწარმეტყველებდნენ ძალიან დაბალ შედეგებს და ხშირ შემთხვევაში უმრავლესობის დაკარგვასაც“, მაგრამ „გამოჩნდა, რომ ის აცდენილი იყო რეალობას“.

IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე – ბიძინა ივანიშვილზე (35%) და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე (43%) მაღალი რეიტინგით სარგებლობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი (48%). 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, ზურაბიშვილის რეიტინგი 10%-ით გაიზარდა (იყო 38%).

  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიდან სალომე ზურაბიშვილს უსწრებს მხოლოდ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე (52%); სექტემბრის კვლევაში კალაძის მაჩვენებელი – 51% იყო;
  • პერსონების რეიტინგში კვლავ ლიდერობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე – 91%; სექტემბრის კვლევის შემდეგ (88%) მისი რეიტინგი 3%-ით გაიზარდა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეიტინგის ზრდას, მისი მკაფიოდ პროდასავლური პოზიციის გარდა, იაგო კაჭკაჭიშვილი დამოუკიდებელი აზრის ქონასაც მიაწერს. „როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებას არ მოსწონს მარიონეტი ადამიანები“, – ამბობს ის.

ხვალ რომ არჩევნები იყოს

კვლევის შედეგებითა და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, როცა საარჩევნო ბარიერი 5%-ია, პარლამენტში მიხვდებოდა სულ 2 პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა“. გარეთ დარჩებოდა გიორგი გახარიას პარტიაც („საქართველოსთვის“), რომელსაც, მაგალითად, IRI-ის 2021 წლის ივნისის კვლევაში 9%-იანი რეიტინგი ჰქონდა; ხოლო ბოლო კვლევაში, შარშანდელივით, იგივე მესამე ადგილი – 3%-იანი მაჩვენებლით დაიკავა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი (14%) შემცირებულია 2022 წლის მარტის კვლევის (16%) შემდეგ; თუმცა გაზრდილია 2022 წლის სექტემბრის კვლევის მაჩვენებელთან (12%) შედარებით.

სხვა პარტიებიდან 3%-ზე მეტი მხარდაჭერა ვერცერთმა მიიღო.

მოქმედი კანონმდებლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, თითოეულ საარჩევნო სუბიექტს 5%-იან ბარიერს უწესებს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლიც ბარიერი – 2%-მდე შემცირებას ითვლისწინებს, პირველი მოსმენით 2021 წლის 7 სექტემბერს უკვე დამტკიცებულია.

ერთი წლის წინ, „ქართული ოცნებამ“ 5%-იანი ბარიერის 2%-მდე შემცირების აუცილებელ პირობად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დაასახელა. საარჩევნო ბარიერის დაწევა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ, “ნაციონალური მოძრაობის” შეთანხმებაზე არმიერთების მიზეზით, ხელმოწერიდან 100 დღის თავზე ანულირებულად გამოაცხადა.

IRI-ის ბოლო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კვლავ დაიწყო ლაპარაკი ძალების გაერთიანებისა და გამსხვილების შესახებ. რადგან 2024 წლის არჩევნებში პარტიებს პოლიტიკურ ბლოკებად შეკვრის საშუალებას არ აძლევს, ისინი, სხვადასხვა დროს, ერთმანეთთან შერწყმის იდეასაც განიხილავდნენ.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გვეუბნება, რომ ცდომილების 2,5 ზღვრისა და გამოკითხულთა იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი პარტია სრულად (25%) ან ნაწილობრივ (29%) გამოხატავს მათ ინტერესს (ჯამში – 54%), პარტიებს, რომლებმაც 3% მიიღეს, „რეალურად აქვთ შანსი, რომ [არჩევნებზე] დამოუკიდებლადაც გადალახონ 5%-იანი ბარიერი“.

„შედეგები აჩვენებს, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა აღარ ელოდება, რომ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება“, – გვეუბნება კაჭკაჭიშვილი.

კვლევა აჩვენებს, რომ ანტიდასავლური თუ პრორუსული განწყობების ძალებს ჯამში – 3%-მდე შეხვდათ. „კონსერვატიულმა მოძრაობა – ალტინფოს“ მაჩვენებელია– 1%, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ხალხის ძალამ“ კი, 1-1%-ზე მიიღეს.

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ შემცირებული რეიტინგი დამშვიდების საშუალებას არ აძლევს ოპოზიციურ პარტიებს, რადგან მათ მომავალ არჩევნებში ამომრჩევლისგან მეტი ნდობის მოპოვება ესაჭიროებათ.

„მარტო იმის ძახილი, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და „ქართული ოცნება“ ღუპავს ქვეყანას, ამ კვლევის მიხედვით, საკმარისი არ იქნება. მათ ამომრჩევლებს აუცილებლად უნდა შესთავაზონ თავიანთი რეალური გეგმები, ალტერნატივა იმისა, რაც ახლა არის და ამომრჩეველს არ მოსწონს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა ჩიტაძე.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share