პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია აცხადებს, რომ ქართული ოცნება პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომლებსაც ისინი წლებია ითხოვენ, მათ შორის “კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ”.
“მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია, ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!! ” – წერს მორგოშია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა და ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ “უცნობის” აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს კანონპროექტად დაარეგისტრირებს.
ინჯიამ სხდომათა დარბაზში მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელთა შორის “რევოლუციის თავიდან ასაცილებლად” და პოლარიზაციისა და კრიზისის შემთხვევაში პლებისციტის ჩატარება, სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება და ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა იყო.