ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან – ხუხაშვილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის შეურაცხყოფის ფაქტს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება.

ჩემი აზრით, ფორმა არის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ პროტესტის შინაარსი აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია. როდესაც ადამიანმა მანდატი მოიპოვა იმ ხალხის ხმებით, რომელთათვისაც მისი საქციელი კატეგორიულად მიუღებელია, ის მათი მხრიდან დაგმობას იმსახურებს. ამ ადამიანს მინიმალური ღირსება რომ ჰქონოდა, თუ განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდა, უბრალოდ უნდა დაეტოვებინა მანდატი, რომელიც ახლა მოპარული აქვს.

ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროტესტის მიუღებელი ფორმის გამო შინაარსშიც იწყებს ამ სუბიექტის გამართლებას. ამ ლოგიკით შენდება მანკიერი სისტემა. ამ ლოგიკით გვყვანან დღეს მურუსიძე და მისი ძმები სამუდამო მართლმსაჯულების მედროშეებად. “რაც არ უნდა ნაძირალა იყო, თუ მიშას შეაგინებ, უკვე ჩვენიანი ხარ…”

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის „ნაც. მოძრაობის“ დღევანდელი წარმომადგენელი, უფრო მეტად აუტანელია ადამიანი, რომელიც მათ ხარჯზე ხელისუფლებაში მოიკალათებს. ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან, რომლითაც გაივსო ხელისუფლება“, – წერს ხუხაშვილი სოცქსელში.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ.

პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share