ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიერ BBC-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება და აცხადებს:
“კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. აქ ადრესატი რომ ყოფილიყო მისი კუთვნილი ტელეკომპანია, ეს ტელეკომპანია აუცილებლად ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა – თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. რამდენჯერაც ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ, როცა საქმე ეხებოდა, მაგალითად, სიცრუის გავრცელებას და ა.შ. იმდენჯერ ამას უწოდა კეზერაშვილის ტელევიზიამ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ კეზერაშვილი თავს ესხმის თავისუფალ მედიას, ეს არის BBC.
ზოგადად, ერთი რამ უნდა ითქვას – კეზერაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი, ცნობილი შარაგზის ყაჩაღი, ის ძარცვავდა ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარს, შემდეგ უკვე ევროპელ პენსიონერებს. ახლა გაკადნიერდა და უჩივლა BBC-ს იმ უმარტივეს დანაშაულთან დაკავშირებით, როცა ის ამხილეს და შეიტანა სარჩელი. მის ბუნებაზე მეტყველებს – იმედი აქვს, რომ ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს BBC-სთან დაკავშირებულ საქმეს. ფული მას საკმაოდ ბევრი აქვს. ასევე, მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პატრონების იმედი, რომლებიც ეხმარებიან მას თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის მიღებაში ევროპის მასშტაბით. ნუ, თუ პატრონები დაეხმარებიან და დიდი ფულიც ამოქმედდება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, BBC-ც კი დაამარცხოს კეზერაშვილმა, ისევე, როგორც ამარცხებდა თავის დროზე ბიზნესმენებს, ჯარს ძარცვავდა და როგორც ამარცხებდა ევროპელ პენსიონერებს. არ ვიცი, ვნახოთ, დაამარცხებს თუ არა BBC-ს, თავისუფალ მედიას კეზერაშვილი”.